მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თქვენ რომ იყოთ მთავრობა, რას გააკეთებდით ფასების შემცირებისთვის?" - კობახიძის კითხვა/რაქვიაშვილის პასუხი

რაქვიაშვილი კობახიძე

"საკმარისია ერთი ზარი განახორციელოთ ნათია თურნავასთან და წლის ბოლოს ფასების ზრდა გაჩერდება", - ასე უპასუხა პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც "რუსთავი2"-ის ეთერში დებატებისას ჰკითხა, - თქვენ რომ იყოთ მთავრობა, რას გააკეთებდით ფასების შემცირებისთვის?

სანდრო რაქვიაშვილის მოსაზრებით, ეროვნულ ბანკს რომ ფული არ დაებეჭდა, ფასები არა თუ არ გაიზრდებოდა, შეიძლება შემცირებულიყო კიდეც.

"პირველ რიგში დავურეკავდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც პარლამენტში თქვენი დანიშნულია და ვეტყოდი - ქალბატონო ნათია გეყოფათ ფულის ბეჭდვა. ეროვნულ ბანკს, რომ ფული არ დაებეჭდა ფასები არა თუ არ გაიზრდებოდა, შეიძლება შემცირებულიყო კიდეც - ეს არის მთავარი მიზეზი. ბატონო ირაკლი თქვენ ხომ კონსტიტუციის ავტორი ხართ და იქ გიწერიათ, რომ ფასების სტაბილურობაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი და არა მთავრობა, რომელიმე სამინისტრო ან სუსი. მაშ რატომ ჩაწერეთ კონსტიტუციაში ეს თუ სწორი არ იყო?!," - მიმართა რაქვიაშვილმა კობახიძეს.

რაქვიაშვილმა თავის პასუხს იქვე დასძინა განმარტება, რატომ ბეჭდავს სებ-ი ფულს:

"... და რადგან კითხვა დამისვით, იცით რატომ ბეჭდავს [სებ-ი] ფულს?! - კომერციულ ბანკებს 5 წელია რეკორდული მოგება აქვთ და იმიტომ კი არა რომ გენიოსები არიან, თქვენ გაღელვებთ ქსელების და აფთიაქების მოგება და კომერციულ ბანკებს რეკორდული მოგება რომ აქვთ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ სებ-ი მილიარდობით ფულს ბეჭდავს იაფად აძლევს კომერციულ ბანკებს ფულს და ისინი მერე მოსახლეობაზე სესხს გასცემენ. ჩვენ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ორნიშნა ინფლაციის პერიოდი სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, როცა თქვენ პარლამენტში იყავით და მე გეუბნებოდით, რომ რამე ვქნათ, მოდით არ დავბეჭდოთ ეს ფული უზარმაზარი ინფლაცია გვაქვს, მაგრამ ეს რას არ ბრალდებოდა! - ხან "კოვიდს", ხან ომს, მაგრამ ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე ცუდ ოცეულში. ზოგ ქვეყანაში, ომი მიდიოდა და ჩვენზე დაბალი ინფლაცია იყო. ყველას ჰქონდა "კოვიდი", მაგრამ ჩვენზე დაბალი ინფლაცია 100-ზე მეტ ქვეყანას ჰქონდა. 7 მილიარდით რომ გაიზარდა ფულის მასა ერთ წელიწადში, ეს როგორ შეიძლება ფასებზე არ აისახოს. თუ დამიჯერებთ წლის ბოლოს ფასების ზრდა გაჩერდება - საკმარისია ერთი ზარი განახორციელოთ ნათია თურნავასთან", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რეპლიკის სახით კობახიძემ რაქვიაშვილს უპასუხა, რომ ინფლაციური პროცესების მართვაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ სურსათზე ფასწარმოქმნაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

"იმიტომ რომ სურსათი სხვა თემაა, იქ კონკრეტული პროდუქტი მოდის, რომელიც პირობითად ლარი ღირს, შემოვიდა საზღვარზე, უკვე ფასნამატი დაედო, შემდეგ საზღვრიდან წამოვიდა კიდევ ფანსანამატი დაედო, თაროზე მოხვდა კიდევ ფასნამატი - ამას ვერ არეგულირებს ეროვნული ბანკი, სებ-ი ზოგადად არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკში მოქმედ მენეჯმენტს, ამაზე დიდი წინააღმდეგობები იყო, ვიღაცებს არ უნდოდათ რომ ჩვენ აგვერჩია ეროვნული ბანკის წევრები - მაინც ავირჩიეთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც სებ-ის პასუხისმგებლობა იყო, 2024 წელს ინფლაცია იყო 2%, 2025 წელს 4%. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს რეგიონს, ევროპას და ასეთი მაჩვენებლები თითზე ჩამოსათვლელი იყო. ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები