საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა და თქვა, რომ მისი დღევანდელი გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიერთებულია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა - რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა რეალურად იქცეს.
„დღევანდელი თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიერთებული ყოფილა. გავიგეთ ის, რასაც თქვენ და თქვენი მთავრობა კატეგორიულად უარყოფდით, არ იყო მართალი. მეორე - თქვენ გაგიტარებიათ ბევრი ღონისძიება - ეს კარგია, მაგრამ კითხვაში საუბარი იყო იმ სამართლებრივ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე, რომლებიც მებაჟეებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს და სხვებს შეაძლებინებს იმას რომ მიერთებულ სანქციებს გაუმკლავდეს ანუ რა იყო დაშვებული 23 თებერვალს და რა არის დაუშვებელი დღეს სანქციების გამო.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაემთხვა იმას, რომ წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა - ევროპერსპექტივის საკითხის გადაწყვეტა ევროპაში. ცხადია, უკრაინასთან და ჩვენი საგარეო ურთიერთობები ამ საკითხს უკავშირდება, გვითხარით, კონკრეტულად საქართველომ ერთიანი ძალებით რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ საქართველო იმსახურებს იმ პერსპექტივის მიღებას, რასაც ხელი მოვაწერეთ და რა არის ის გეგმა, რომლის განხორციელებას საქართველო უახლოეს დღეებში აპირებს?“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა პრემიერს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატს უპასუხა და განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიუხედავად რუსეთისთვის ეროვნული სანქციების დაწესებას არ აპირებდა და არც ახლა აპირებს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას და მოქალაქეებს დააზარალებს.
„ერთი კითხვა მაქვს - დამატებით რა უნდა გაეკეთებინა ჩვენს მთავრობას, გარდა იმისა რაც გავაკეთეთ?! ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას, ამ დროს ყველას შეგახსენებთ, რომ საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც უკრაინაში ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა; ჩამოვთვალე, რომ 235 რეზოლუციასა და განცხადებაზე ვართ მიერთებული. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს მხარი დავუჭირეთ, მაგრამ აქვე განვმარტე, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ერთადერთი სწორი მიზეზია - ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან არის ნაკარნახევი.
მინდა გკითხოთ, რომ გვიკიჟინებდით და მოგვიწოდებდით რუსეთისთვის ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაგვეწესებინა, 1 მლნ მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე - ამ ფონზე სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს. მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების მიხედვით.
ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ და პირველ კვარტალში 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ჩვენი ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი - ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს. გეკითხებით - ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს? ამის წარმოდგენა თუ გაქვთ ან პასუხი თუ გაქვთ მოქალაქეებს რომ გასცეთ პასუხი. მინდა გითხრათ, მესმის თქვენი მოტივაცია და მთავარს გეტყვით, ჩვენი ინტერესების მიუხედავად, ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა იყოს, რასაც სამწუხაროდ თქვენგან ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.