საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ შესული ოთხი სარჩელის განხილვა გრძელდება. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
"ეს უნიკალური შანსი უნდა გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა არ დაადგეს ტოტალიტარიზმის გზას, ისევე როგორც - რუსეთი“, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მოსამართლეებს.
38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს. მათ მიაჩნიათ, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. პარლამენტარებს ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
„თქვენზეა დამოკიდებული, ხვალ ან ერთი წლის შემდეგ გაზეთი „ბათუმელები“ იქნება თუ - არა, „რადიო თავისუფლება“ იქნება თუ - არა“ - განაცხადა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.
„საუკუნის პროცესი“ უწოდა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელების განხილვას და მოსამართლეებს თავადაც მიმართა:
„თუ თქვენ არ ცნობთ ამ დავას დასაშვებად და ამავე დროს არ გამოიყენებთ {კანონის მოქმედების} შეჩერების მექანიზმს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე, ბევრი ადამიანი, ვინც აქ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს და ბევრი ადამიანი, ვინც აქ დარბაზში გვესწრება, შესაძლოა, ფიზიკურად ვეღარ გამოცხადდეს პროცესზე, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დარჩეს გაჩერებულად, როგორც ახლა არის ამ კანონის გამო და საქართველოს წინაშე ბევრი ათწლელულით ჩაიკეტოს ის კარი, რომელიც ქართველი ხალხის პრინციპული და ხმამაღალი ბრძოლის შედეგად გაიღო...
პატივცემულო სასამართლოვ, მე ვიცი, რომ ეს არის მძიმე ტვირთი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაექცევა 78-ე მუხლის დამოუკიდებლად განხილვას... ვთვლი, რომ ეს არის ისტორიული პროცესი. ამ ისტორიულ პროცესში ყველას გვაქვს როლი. თქვენი როლი ცხადი და ნათელია. ამ ისტორიულ პროცესში ვერავინ იქნება მოწმე. ყველას აქვს ქმედების ვალდებულება. იმედი მაქვს, ამ პროცესის შედეგად, ისევე როგორც ძალიან მალე, გამარჯვებული იქნება საქართველო და ქართველი ხალხი“.