არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის დელეგაციას შეხვდნენ, რომელშიც ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან.
როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადეს, დელეგაციისგან მოისმინეს კრიტიკული შეფასება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით და ქართველი ხალხის მიმართ სრული მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი ლევან ცუცქირიძე:
„კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის იმიტომ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კანონი. გზავნილები მივიღეთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ ევროპული დედაქალაქებიდან, საიდანაც იყვნენ ჩამოსული ჩვენი მეგობრები. აღფრთოვანებული არიან ქართველი ხალხის სიმამაცით, გამბედაობით, სამოქალაქო ორგანიზების ხარისხით, იმ დემოკრატიული, მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის კულტურით, რომელიც ქართველმა ხალხმა აჩვენა ბოლო თვის განმავლობაში და გაოგნებულნი არიან „ქართული ოცნების“ გადახვევით დემოკრატიისა და ევროპული გზიდან“.
“სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე:
“საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ აქ, იმისთვის რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ და თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ისიც ახსენეს, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსი იყო ქართველი ხალხის დამსახურება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი აქტიურობით. პირდაპირ თქვეს, რომ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე პირდაპირ გაჩერდება".
„საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია:
„ევროკავშირი გვეუბნება იმას, რომ ყველაზე დიდი სანქცია, რასაც საქართველო პრაქტიკულად იღებს, არის ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა. ისინი ამბობენ, რომ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიდის უკრაინასთან, მოლდოვასთან, მათ შორის ნატოს-თან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველო არ განიხილება. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება. ამბობენ, რომ ყველაზე სერიოზულს, რასაც ახლა ვკარგავთ, არის ზოგადად მხარდაჭერა და ძალიან დიდი შეფერხება ევროინტეგრაციის და ნატო-ს გზაზე".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე:
"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ხვდება მნიშვნელოვან დელეგაციას, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნებიდან. როდესაც ასეთ განაცხადს აკეთებს სახელმწიფო, ეს ნიშნავს, რომ აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პრინციპში ძალიან ნათელია".