მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მომხრემაც კარგად იცის, რომ მიზანი გამჭვირვალობა არაა - მოსაზრება "რუსულ კანონზე"

ირაკლი მელაშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტის ირაკლი მელაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კარგად იციან, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ნამდვილი მიზანი გამჭვირვალობა არაა. „რუსულ კანონზე“ თავისი მოსაზრება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ქართული ოცნება“ ამ კანონს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იღებს, სინამდვილეში კი დიდ სისულელეს შვება, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებიდან გაშვებას ათიათასობით ადამიანის ცხოვრების მიზნად აქცევს“, - წერს ის. ირაკლი მელაშვილის თქმითვე, ამ კანონის მიღებით დღეს ხელისუფლება საბედისწერო შეცდომას უშვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონსაც ეშველება და იმ პრობლემებსაც მოევლება, რაც ამ კანონს მოაქვს, მაგრამ, მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც უცვლელი რჩება. 21-ე საუკუნეში ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ ისწავლა მთავარი - ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ უნდა ეცადო ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომლითაც შენთვის მიუღებელ ან შენდამი კრიტიკულად განწყობილ სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუქმნი ქვეყანაში ცხოვრების აუტანელ პოლიტიკურ გარემოს. ხელისუფლების ინტერესში არ უნდა იყოს მისი მმართველობა გახდეს რომელიმე ჯგუფისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, არ უნდა ქმნიდეს ისეთი პირობებს, როცა შენი ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლა გახდეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს სისულელე გააკეთა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ, ახლა ამ გზაზე მყარად დგას „ქართული ოცნება“.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის მიღებით დღეს ხელისუფლება უშვებს საბედისწერო შეცდომას საკუთარი მომავლისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მიღებული კანონით ათასობით და შეიძლება ათობით ათასი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრებას აუტანლად ხდის.

რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ამ კანონს ვინმეს „გამჭვირვალობისთვის“ იღებთ, სინამდვილეში „ოცნების“ მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც კარგად იცის, რომ ეს ასე არაა. ესაა თვალთმაქცობა, რომლისაც არავის სჯერა. რაც არ უნდა ამტკიცოთ საპირისპირო, ყველა კარგად ვხვდებით, ამ კანონის მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ვიღაცას დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს (ეს ვალდებულება NGO-ებს ისედაც გააჩნიათ საგადასახადო კოდექსით). ადამიანები ამას არ აპროტესტებენ და არც იმის ეშინიათ, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე.

სინამდვილეში ხელისუფლებამ და მისმა მომხრეებმა (სულელებს არ ვგულისხმობ) მშვენივრად იციან, რომ ეს ასე არ არის. ხალხი ხიფათს ხედავს და აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს დაიკანონოს ქვეყნის უამრავ მოქალაქისთვის აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ადამიანის ღირსების შემლახველი, აგენტის სტატუსი მინიჭების უფლება და სურს ამ გზით საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორში მომუშავე ათასობით ადამიანის სტიგმატიზაცია მოახდინოს.

თქვენ არჩევანს არ ტოვებთ, ეს ხალხი ან ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ან ყველაფერი გააკეთოს ამ ხელისუფლების შესაცვლელად. „ან ჩვენ ან ისინი“ - ასე დადგება საკითხი. არცერთ დემოკრატიულ სისტემაში და ქვეყანაში ეს არ ხდება და ჩვენს ისტორიაში მორიგ ჯერზე ამ დაპირისპირებაში დამნაშავე იქნება ხელისუფლება.

"ქართული ოცნება“ ამ კანონს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იღებს, სინამდვილეში კი დიდ სისულელეს შვება, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებიდან გაშვებას, ათიათასობით ადამიანის ცხოვრების მიზნად აქცევს.

თუ გაიგებთ ამას ხომ კარგი, თუ არა და მილიონჯერ მითქვამს, რომ ისტორიას თავის კანონზომიერებები აქვს და მას ვერც ვინმეს მილიარდები შეცვლის, ვერც ოპოზიციის უვარგისობა, ვერც ქართული სუს-ის აგენტურული ქსელი და ვერც მარბიელი სპეცრაზმების სიმრავლე”, - წერს ირაკლი მელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები