TRACECA-ს წევრი ქვეყნები კონტეინერების გადაზიდვისთვის ერთიანი ტარიფის შემუშავებასა და დერეფანში ერთიანი სატრანზიტო დოკუმენტის შემოღებაზე მუშაობენ. როგორც TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის ეროვნულმა მდივანმა, რუფატ ბაირამოვმა BMG-ის აზერბაიჯანულ ბიუროსთან განაცხადა, ცენტრალიზაციის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაგეგმილია ერთიანი სატრანზიტო დოკუმენტის შემოღება, რაც საავტომობილო გადამზიდავებს საშუალებას მისცემს მარშრუტზე ერთი დოკუმენტით იმოძრაონ, ანუ თურქეთიდან ცენტრალურ აზიაში ისე ჩავიდნენ, რომ თითოეულ ქვეყანაში სატრანზიტო დოკუმენტის მიღება აღარ დასჭირდეთ. მისივე თქმით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ვიზების დანერგვაზეც, როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი გადაზიდვების მიმართულებით. რუფატ ბაირამოვი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებით შემცირდება ტვირთის გადაზიდვის დრო.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაზიდვების უმეტესობა, რომელიც ევრაზიის კონტინენტის უდიდეს ეკონომიკებს შორის არის, სწორედ კონტეინერებით ხორციელდება. ამიტომაცაა, TRACECA-ს წევრმა სახელმწიფოებმა კონტეინერიზაციის კონცეფცია მიიღეს, რომელიც 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში საერთო ტარიფის შექმნაზე ვმუშაობთ, რომელშიც დამატებული ღირებულების გადასახადი იქნება გათვალისწინებული. TRACECA-ს წევრ სახელმწიფოებში განსხვავებული საკანონმდებლო ჩარჩოები მოქმედებს, ანუ ზოგ ქვეყანაში ტარიფში დღგ შედის, ზოგ ქვეყანაში კი - არ შედის. აღნიშნული კომბინირებული ვერსიის არჩევით და ამ პროცესის გაციფრულებით, ბიუროკრატიული პროცესების მინიმუმამდე შემცირება იქნება შესაძლებელი.
დღეს საბუთების გადაფორმებას, ზოგჯერ, რამდენიმე და ზოგჯერ ათობით საათი სჭირდება, რაც, ცხადია, გავლენას ახდენს, როგორც გამტარუნარიანობაზე, ასევე ღირებულებაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, უკვე არსებობს პროტოტიპი, რომლის შექმნაში ექსპერტები მონაწილეობენ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო დოკუმენტის მიღებით, იმ დროს შევამცირებთ, რომელსაც ტვირთი ჩვენს დერეფანში ატარებს“, - განაცხადა რუფატ ბაირამოვმა.
TRACECA ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სამხრეთ კავკასიისა ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. TRACECA-ს წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ირანი.
ინტერვიუ რუსულ ენაზე ჩაწერა BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტმა, სადრადინ აგაჯაევმა.