TRACECA-ს წევრი ქვეყნები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ფონდის შექმნას გეგმავენ, - ამის შესახებ TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის ეროვნულმა მდივანმა, რუფატ ბაირამოვმა BMG-ის აზერბაიჯანულ ბიუროსთან ინტერვიუსას განაცხადა.
მისი თქმით, რადგანაც ევროპულმა საბჭომ 2016 წლის შემდეგ მონაწილეებთან ორმხრივი თანამშრომლობის მიდგომა არჩია, პროექტ TRACECA-ს ფინანსური საჭიროებები გაუჩნდა. რუფატ ბაირამოვის თქმით, ამ დაბრკოლების გადალახვის ერთ-ერთი გზა ფონდის შექმნაა, რაზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ საერთო დაფინანსების პროექტის მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, ჩნდება დამატებითი სახსრების მოძიების აუცილებლობა. ამ დაბრკოლების გადალახვის ერთ-ერთი გზა - ფონდის შექმნაა, რომლის მიზანი რეგიონული ინფრასტრუქტურული და ბიზნესპროექტების გზით ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდა იქნება შესაძლებელი. ფონდის ბიუჯეტის მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, რადგან, ამ ეტაპზე, ფონდის ფორმირების, ხმის მიცემის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების და პროექტების დამტკიცების საკითხებს განვიხილავთ. ახლა, მაგალითად, სადამფუძნებლო დოკუმენტებს გავდივართ და ბიუჯეტის კონკრეტული მოცულობა მოგვიანებით გამოჩნდება, რადგან ის ფონდის მონაწილეთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა რუფატ ბაირამოვმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა საქმიანი საბჭოს შექმნაზე, ამ პლატფორმით ბიზნესის სახელმწიფო სექტორთან ანუ საბაჟოებთან, პორტების და სარკინიგზო კომპანიებთან დაკავშირების შესაძლებლობა იქმნება.
„რაც შეეხება საქმიანი საბჭოს შექმნას, მისი მიზანი - კერძო სექტორის დაინტერესებაა, რადგან სწორედ ისინი იყენებენ ამ მარშრუტს და ატარებენ ტვირთს, საქმიანი საბჭო ისეთი პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც ბიზნესს სახელმწიფო სექტორთან დააკავშირებს“, - აღნიშნა TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის ეროვნულმა მდივანმა, რუფატ ბაირამოვმა BMG-ის აზერბაიჯანულ ბიუროსთან ინტერვიუსას.
TRACECA ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სამხრეთ კავკასიისა ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. TRACECA-ს წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ირანი.
ინტერვიუ რუსულ ენაზე ჩაწერა BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტმა, სადრადინ აგაჯაევმა.