მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ დღეს აქ ვარ, რადგან სჭირდება ქალაქს - კალაძე

635675e21647a
ინგა მურუსიძე
24.10.22 15:16
581
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის - ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

ოპოზიცია ქალაქის მერის გადადგომას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები