მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ამერიკული ნავთობკომპანიებს ვენესუელაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ - CNN

ტრამპი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცადა, მსხვილი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაერწმუნებინა, ვენესუელაში მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები დაეწყოთ, თუმცა ინდუსტრია, ჯერჯერობით, ამ წინადადებას არ იღებს - ამის შესახებ CNN-ი ტრამპსა და ამერიკელ ნავთობმაგნატებს შორის პარასკევს გამართულ შეხვედრაზე დაყრდნობით წერს.

თეთრ სახლში გამართული ხანგრძლივი შეხვედრა ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა კონკრეტული დაპირებების გარეშე დატოვეს. ბიზნესმენები ვენესუელაში მილიარდობით დოლარის ინვესტირებისგან თავს იკავებენ და ადმინისტრაციის გეგმას, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, ღრმა სკეპტიციზმით უყურებენ.

"ეს არაინვესტირებადი გარემოა. საჭიროა სამართლებრივი და კომერციული ჩარჩოების შექმნა, რათა საერთოდ გავიგოთ, რა უკუგებას მივიღებთ ინვესტიციიდან",- განუცხადა ExxonMobil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარენ ვუდსმა ოფიციალურ პირებს

მსგავსი პოზიცია გამოხატეს სხვა ხელმძღვანელებმაც. მათი თქმით, ნავთობის მოპოვების გაზრდაზე მრავალწლიანი მუშაობის დაწყებამდე, ინდუსტრიას უსაფრთხოებისა და ფინანსური გარანტიები სჭირდება.

მეტი გარანტიის საჭიროებაზე მიანიშნა ნავთობინვესტორმა და ტრამპის მსხვილმა დონორმა ჰაროლდ ჰემმაც.

"არის გამოწვევები. საჭიროა უზარმაზარი ინვესტიცია, რაზეც ყველა ვთანხმდებით, და, რა თქმა უნდა, ამის განსახორციელებლად დრო გვჭირდება", - განაცხადა მან.

ინდუსტრიის დამოკიდებულება ტრამპის ვენესუელაში უპრეცედენტო ინტერვენციას კიდევ უფრო ართულებს. ტრამპი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ბრძანება გასცა, თუმცა რეჟიმის დანარჩენი ნაწილი ხელუხლებელი დატოვა, ამტკიცებს, რომ დროებითი ლიდერი დელსი როდრიგესი აშშ-ის კომპანიების დაბრუნებას ხელს შეუწყობს: „ისინი მოკავშირეები ჩანან და ვფიქრობ, მოკავშირეებად დარჩებიან", - აღნიშნა მან.

ტრამპის პროგნოზით, ვენესუელა მალე საკმარისად სტაბილური იქნება გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

"თუ შესვლა არ გსურთ, უბრალოდ მითხარით, რადგან მყავს 25 ადამიანი, ვინც დღეს აქ არ არის, მაგრამ მზადაა, თქვენი ადგილი დაიკავოს", - მიმართა მან ბიზნესმენებს.

მიუხედავად ინტერესისა, კომპანიები სიფრთხილეს იჩენენ. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბევრმა მათგანმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას, ვენესუელას პოლიტიკური ტრაექტორიისა და მომავალი თანამშრომლების თუ ტექნიკის უსაფრთხოების გათვალისწინებით. ინდუსტრიაში არსებობს კითხვები: შეძლებს თუ არა ტრამპი გარანტიის მიცემას, რომ კომპანიებთან დადებული შეთანხმებები მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის ან ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ძალაში დარჩება?

ტრამპმა მათ "სრული უსაფრთხოება" აღუთქვა, თუმცა კონკრეტული დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაციის პირველადი გეგმა "ვენესუელას მთავრობის ქცევის შეცვლაა".

რაიტმა ასევე ისაუბრა ინდუსტრიის "უზარმაზარ ინტერესზე" და მაგალითად Chevron-ი მოიყვანა, რომელსაც წარმოების 50%-ით გაზრდა შეუძლია (მომდევნო 18-24 თვეში), თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ამისთვის ადმინისტრაციისგან გარკვეული ნებართვები სჭირდება. Chevron-ი ერთადერთი ამერიკული ნავთობკომპანიაა, რომელიც ამჟამად ვენესუელაში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები