დონალდ ტრამპის ნიგერიაში სამხედრო ინტერვენციასა და საჰაერო დარტყმების განხორციელებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლო შეჭრის მიზანს ქრისტიანების “გენოციდის” აღკვეთა წარმოადგენს. საუბარია, დასავლეთ-აფრიკულ ქვეყანაში მიმდინარე სისხლიან დაპირისპირებაზე, რომელსაც უკვე მრავალი ადგილობრივი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკა შეაჩერებს ყველანაირი დახმარების გაცემას “შერცხვენილ ქვეყანაში” და შევა “იარაღის ტრიალით” თუ კი ნიგერიის მთავრობა მიმდინარე ძალადობას არ შეაჩერებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა პოტენციური სამხედრო ინტერვენციის გეგმის შედგენა პენტაგონს უკვე დაავალა.
დონალდ ტრამპის ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ ნიგერიელი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებენ. მათ დასძინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აგრესიული რიტორიკა მიზნად ისახავს დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებას, თუმცა ნიგერია მზად არის მიიღოს ნებისმიერი სახის დახმარება და რჩევა ტერორიზმთან ბრძოლაში.
ცნობისთვის, ნიგერიასა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ნიგერიის ხელისუფლებას რელიგიური უფლებების დარღვევის აღკვეთისთვის არასაკმარის მოქმედებაში დასდო ბრალი.




























