აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას თავზე და მის გარშემო არსებული საჰაერო სივრცე „მთლიანად დახურულად უნდა ჩაითვალოს“, თუმცა დამატებითი დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულმა განცხადებამ კარაკასში შფოთვა და დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ ზეწოლას ზრდის.
„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერს და ადამიანის ტრეფიკინგში ჩართულ პირებს ვთხოვთ, განიხილონ ვენესუელას ზემოთ და მის გარშემო საჰაერო სივრცის მთლიანად დახურვის საკითხი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ამ განცხადებამ გააკვირვა. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის არ აქვს რაიმე ინფორმაცია სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.
ვენესუელას ხელისუფლება ტრამპის განცხადებას „კოლონიურ საფრთხედ“ აფასებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. ვენესუელას მთავრობის განცხადებით, აშშ კარიბის ზღვაში სამხედრო ძალების განლაგებასა და მადუროს ჩამოშორებას ცდილობს. მადურო, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდან არის, აცხადებს, რომ ტრამპი მის გადაყენებას ცდილობს და ვენესუელელები და არმია მის ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეგობას გაუწევენ.
დონალდ ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის გაფრთხილება, რომ ავიაკომპანიები ვენესუელას თავზე ფრენისას „პოტენციურად სახიფათო სიტუაციის“ წინაშე აღმოჩნდებოდნენ ქვეყნის „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და სამხედრო აქტივობის ზრდის“ გამო. გაფრთხილების შემდეგ ვენესუელამ ექვს მსხვილ საერთაშორისო ავიაკომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირების უფლება შეუჩერა.
სენატორების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტრამპის პოსტის გამო, ცალმხრივად შეჩერდა მიგრანტების დეპორტაციის რეისები, რომლითაც ბოლო პერიოდში, თითქმის 14 000 ვენესუელელი დაბრუნდა სამშობლოში. რეისები ბოლო თვეების განმავლობაში კვირაში ორჯერ სრულდებოდა.




























