შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ BRICS-ის “ანტიამერიკულ პოლიტიკაში” ჩართულ ქვეყნებს დამატებით 10%-იან ტარიფებს დაუწესებს.
დონალდ ტრამპის ეს განცხადება ბრაზილიის ქალაქ რიოში ახლახან ჩატარებულ BRICS-ის სამიტს პასუხობს. როგორც ცნობილია, მისი წევრი ქვეყნები ამერიკული ზეგავლენისგან დამოუკიდებელი ეკონომიკური მექანიზმის შექმნას აქტიურად განიხილავენ.
შტატების პრეზიდენტის განცხადებამ არაერთ ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა 10%-იანი სანქციების დაწესება დააანონსა, მას არ განუმარტავს, რა შემთხვევაში ჩაითვლება ქვეყანა “ანტიამერიკული პოლიტიკის” გამტარებლად. შესაძლოა, სიცხადის ნაკლებობა პრეზიდენტის გეგმის ნაწილიც იყოს და დაბნეულობის შემოტანით მას BRICS-თან მოვაჭრე ქვეყნებს შორის შიშის დანერგვა სურდეს.
20 იანვრიდან მოყოლებული, დონალდ ტრამპი არსებულ თუ მომავალ სავაჭრო პარტნიორებს ტარიფების ენით ესაუბრება. ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, რამდენად წაადგება შტატებს ასეთი ხისტი მიდგომა, თუმცა ფაქტია, მზარდი ეკონომიკის ქვეყნები სულ უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ ალტერნატიული სავაჭრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად.




























