დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ამის შესახებ მალე გაკეთდება განცხადება.
"ზოგადად რომ ვისაუბროთ, იქნება 25%-იანი ტარიფები ავტომობილებზე და სხვა საქონელზეც. მათ[ევროკავშირმა] ჩვენზე უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ისინი იყენებენ ყველანაირ მიზეზს იმის ასახსნელად, თუ რატომ აკეთებენ ამას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აშშ-ის დაზიანებისთვის შეიქმნა.
„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ დააზიანოს შეერთებული შტატები - ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად გააკეთეს ეს. მაგრამ ახლა პრეზიდენტი მე ვარ", - აღნიშნა მან.
აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა ევროკომისია და განაცხადა, რომ ევროპული რეგიონული ბაზრის შექმნამ ამერიკული ფირმებისთვის ევროპაში ბიზნესის კეთება გააადვილა.
”ეს იყო სიკეთე შეერთებული შტატებისთვის”, - თქვა ევროკომისიის სპიკერმა. "ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ წესების მიხედვით ითამაშებთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს ყოველ ჯერზე. ისინი ჩვენგან არანაკლებ არ მოელიან."
"ევროკავშირი მტკიცედ და დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დაუსაბუთებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკის გასაპროტესტებლად“, - დასძინა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, ტრამპმა ოფიციალურად თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა კანადასა და მექსიკის წინააღმდეგაც. თუმცა, 4 თებერვალს, ტარიფების ამოქმედების შეჩერებას დათანხმდა. ახლა კი ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება. "არა ყველა, მაგრამ ბევრი მათგანი. ვფიქრობ, ეს საოცარი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.