აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფენტალინი, როგორც ნარკოტიკული საშუალება, მასობრივი განადგურების იარაღად გამოცხადდება. როგორც ქვეყნის ლიდერი განმარტავს, ფენტალინი ყოველწლიურად იმავე რაოდენობის ამერიკელს კლავს, რამდენსაც ნებისმიერი მასობრივი განადგურების იარაღი შეიწირავდა.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების სპეციალურ სიაში შეყვანის პარალელურად, ტრამპმა ოპიოიდის კრიზისი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია გასცდა ჯანდაცვის სფეროს.
პრეზიდენტმა ფენტალინის წარმოებასა და ამერიკელი მოქალაქეების სიკვდილში უცხოელი მწარმოებლები და კრიმინალური ორგანიზაციები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით “შტატებს ნარკოტიკებში ახრჩობს”. ტრამპმა განმარტა, რომ ფენტალინის მასობრივი განადგურების იარაღად გამოცხადება ქვეყანას გაცილებით მკაცრი ნაბიჯების გადადგმის უფლებას აძლევს. შედარებისთვის, 2000-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომის გამოცხადების მიზეზად სწორედ მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა დაასახელა.
სექტორის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამერიკული კანონმდებლობით არცერთი ნარკოტიკული საშუალება მსგავსი რანგის საფრთხედ შეფასებული არ არის, შესაბამისად, ფენტალინის მასობრივი განადგურების იარაღად გამოცხადება და სამართლებრივი თუ სამხედრო ქმედებების განხორციელება იქამდე, ვიდრე საკითხს კონგრესი არ დაარეგულირებს, აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს.




























