მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი იმეორებს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს

კერნი კანადა

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის ანექსირების თაობაზე საუბარი განაახლა. “სიმართლე გითხრათ, კანადა 51-ე შტატი უნდა გახდეს, მართლა უნდა გახდეს. კანადა სრულადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ჩვენ კანადაზე არ ვართ დამოკიდებულები”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებაზე დიალოგის ჩაშლა, რაც კანადაში მიღებულმა “ციფრული სერვისების შესახებ” კანონმა განაპირობა, რომლითაც ქვეყანა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, Google-ის და META-ს დამატებით 3%-ით დაბეგვრას გეგმავდა. კანონის გამო, ამერიკამ მოლაპარაკებები დატოვა, ხოლო კანადამ ამ ინიციატივაზე უარი თქვა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღით ადრე კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი ირწმუნებოდა, რომ დონალდ ტრამპი კანადის ანექსირებით და ქვეყნის 51-ე შტატად გამოცხადებით აღარ არის დაინტერესებული. როგორც პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებში გამართული NATO-ს სამიტის დროს ამბობდა, ტრამპი ჩრდილოელ მეზობელს ის ძალიან დიდ პატივს სცემს.

როგორც დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, კანადისთვის გამოყოფილ სუბსიდიებზე აშშ-ის ხელისუფლება მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რაც მისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, ამერიკას არ სჭირდება არაფერი, რაც კანადას აქვს, მაგრამ თავად კანადა აშშ-ის დახმარების გარეშე ღირებული ქვეყანა ვეღარ იქნება, ანუ ის აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და თუ ეს მოხდება, ტარიფები მოიხსნება და გადასახადები შემცირდება.

ეკონომიკური მიზეზების გარდა, დონალდ ტრამპი ხშირად აპელირებს თავდაცვაზე და ამბობს, რომ თუ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში შევა, საგარეო საფრთხისგან თავის დაცვა გაუმარტივდება. აშშ-ის ხელისუფლება “ოქროს გუმბათის” თავდაცვის სისტემის დანერგვას გეგმავს, რომელიც კანადაში უფასოდ დაინერგება, თუ ის ამერიკას შეუერთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანადას $61 მილიარდის გადახდა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები