აშშ-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების შესახებ მოლაპარაკებები არ დაუწყია - ეს ინფორმაცია NATO-ს მაღალჩინოსნებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ “ალიანსის დატოვების გადაწყვეტილება გადახედვას აღარ ექვემდებარებოდა”.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი მოკავშირეების მიერ ირანის ომში დახმარებისაგან თავის შეკავებით უკმაყოფილო იყო და მათ „ქაღალდის ვეფხვები“ უწოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად აშშ-ის NATO-დან გასვლა მარტივი პროცესი მაინც არ იქნება. ამ საეტაპო გადაწყვეტილებას წინ სერიოზული შიდა საკანონმდებლო ბარიერები ეღობება. 2023 წელს მიღებული კანონის თანახმად, ალიანსის დატოვებას სენატის ხმების ორი მესამედი ან კონგრესის სპეციალური აქტი დასჭირდება. რესპუბლიკურ პარტიას კი ამდენი ხმა არ აქვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იყო. სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა უკვე განაცხადა, რომ სენატი მხარს არ დაუჭერს მოკავშირეების მიტოვებას „ტრამპის გაუაზრებელი ომის“ გამო. პარალელურად, მძიმე პოლიტიკურ საფრთხეზე საუბრობენ რესპუბლიკელი კონგრესმენებიც, რომლებიც თეთრ სახლს ურჩევენ, არ წამოაყენონ მსგავსი ინიციატივა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატების ნაწილი ტრამპის მუქარას „ბლეფად“ მიიჩნევს. მათი შეფასებით, პრეზიდენტი მოკავშირეებზე ზეწოლას ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დასრულებაში ჩართვის მიზნით ცდილობს.




























