მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს

დოჯი

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, თეთრ სახლში ილონ მასკის უფროსი მრჩევლის კარიერა, შესაძლოა, დასასრულს უახლოვდებოდეს. როგორც მან განაცხადა, მასკი თავისი კომპანიების მართვას უნდა დაუბრუნდეს და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელსაც ბიზნესმენი ხელმძღვანელობს, შედეგი უკვე გამოიღო.

"ვფიქრობ, რომ ის [მასკი] შესანიშნავია, მაგრამ ასევე მგონია, რომ დიდი კომპანიები აქვს სამართავი და, რაღაც მომენტში, მათ დაუბრუნდება. მას ასე სურს, თუმცა მე იმდენ ხანს დავიტოვებდი, რამდენიც შესაძლებელია", - განაცხადა ტრამპმა.

როგორც პრეზიდენტმა მედიასთან აღნიშნა, შესაძლო დახურვის მიუხედავად, DOGE-ის გავლენა შენარჩუნდება, რადგან კაბინეტის წევრებმა და სააგენტო ამ გამოცდილებიდან "უზარმაზარი ცოდნა" მიიღეს და, საჭიროების ჟამს, იმავე საქმის შესრულებას კვლავ შეძლებენ.

ილონ მასკი მთავრობის დროებითი თანამშრომელია. თეთრ სახლში მისი საქმიანობა 130-დღიანი ვადითაა შეზღუდული, რომელიც Tesla-ს მფლობელს მაისის ბოლოს ეწურება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ თებერვალში, მასკი აცხადებდა, რომ ტრამპთან მუშაობის დასრულებას ჯერ არ აპირებდა.

DOGE-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მასკმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფედერალური სამუშაო ძალა, მათ შორის, ისეთი სააგენტოების გაუქმებით, როგორებიცაა USAID და შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი. Quinnipiac-ის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი მილიარდერი ხელმძღვანელი ქვეყანას ვნებს.

ცნობისთვის, 31 მარტის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უახლოეს დღეებში დაინიიცირდება კანონპროექტი, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება - კობახიძის თქმით, ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურს დაეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები