აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ სრულ ფაილებს დღეს გამოაქვეყნებს.
საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში იყო ოთხი პრეზიდენტი, რომლებიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოკლეს. პრეზიდენტის მკვლელობის ბოლო შემთხვევა 1963 წლის ნოემბერში მოხდა, როცა ლი ჰარვი ოსვალდმა დემოკრატი ჯონ ფიცჯერალდ კენედი დალასში გამართული აღლუმის დროს მოკლა. გამომდინარე იქიდან, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა და თან, პრეზიდენტის მკვლელობიდან ორ დღეში მოკვდა, კონკრეტულად რა მოტივი ამოძრავებდა მას, ამ დრომდე, სულ მცირე საჯაროდ, უცნობია.
როგორც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ხელისუფლება პრეზიდენტის მკვლელობის ამ დრომდე საიდუმლო გრიფით დაცულ 80,000-გვერდიან საქმეს გაასაჯაროებს, თანაც ისე, რომ ინფორმაცია დაფარული არ იქნება. პრეზიდენტი ამბობს, რომ დოკუმენტები თავადაც ნახა, ხოლო მათი შინაარსი — ძალიან საინტერესოა. არსებობს მოსაზრება, რომ დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ პრეზიდენტის მკვლელობა და მისი დამკვეთები გასაჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის, ისევე, როგორც მისი ძმის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის საქმეების გასაჯაროებისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა განკარგულება ჯერ კიდევ იანვარში გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანლი, ტულსი გაბარდი ვალდებული იყო, პრეზიდენტ კენედის მკვლელობის დოკუმენტების გასაჯაროების თაობაზე სამოქმედო გეგმა წარმოედგინა. მოგვიანებით, FBI-მ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები აღმოაჩინა.
პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მთელ მსოფლიოს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღელვებდა. JFK-ის მკვლელობაზე არაერთი ურბანული ლეგენდა და შეთქმულების თეორია არსებობს, მათ შორის ხშირად ამბობენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობა CIA-მ, მაფიამ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, კუბის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა ლინდონ ბეინს ჯონსონმა დაგეგმეს. ეს თეორიები არსებობს, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად, როგორც პრეზიდენტ ჯონსონის მაფიასთან თანამშრომლობის თეორია.
შეთქმულების თეორიების მრავალფეროვნება ადასტურებს იმ ინტერესს, რომელიც ადამიანებს პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის მიმართ აქვთ. როგორც Gallup-ის 2023 წლის კვლევიდან ვიგებთ, ამერიკელთა 65% არ ეთანხმება უორენის კომისიის დასკვნას, რომლის თანახმად ლი ჰარვი ოსვალდი მარტო და დამოუკიდებლად მოქმედებდა. გამოკითხულთა 20%-ის აზრით, ოსვალდი აშშ-ის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, როცა 16%-ის შეფასებით ოლსვალდი CIA-სთან იყო შეკრული.




























