მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი საფრანგეთს ღვინოსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფით ემუქრება

მაკრონი ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აიძულებს, შეუერთდეს ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას, რომელიც მიზნად გლობალური კონფლიქტების მოგვარებას ისახავს.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა ეხებოდა მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმადაც საფრანგეთი საბჭოს არ შეუერთდება.

"ასე თქვა? ის არავის სჭირდება, რადგან თანამდებობას ძალიან მალე დატოვებს.

მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ისიც შემოგვიერთდება, თუმცა არ არის ვალდებული, შემოგვიერთდეს", - აღნიშნა ტრამპმა.

მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ ორშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი, ამ ეტაპზე, ინიციატივასთან მიერთების მოწვევაზე უარის თქმას აპირებს.

ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს" შექმნის იდეა თავდაპირველად გასულ სექტემბერს, ღაზაში ომის დასრულების გეგმის გამოცხადებისას წამოაყენა. თუმცა, მსოფლიო ლიდერებისთვის გასულ კვირას გაგზავნილი მოსაწვევი უფრო ფართო როლს და გლობალურად კონფლიქტების დასრულებას ითვალისწინებს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებს მოუწოდებს, 1 მილიარდი დოლარი გადაიხადონ, თუ სურთ, რომ მათი წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.

კვირას მთავრობები ტრამპის მიწვევას ფრთხილად გამოეხმაურნენ. დიპლომატების შეფასებით, ამ გეგმამ შესაძლოა გაეროს მუშაობას ზიანი მიაყენოს.

ორშაბათს ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ "მშვიდობის საბჭოს" წევრად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები