ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის შერჩეული კანდიდატის ვინაობას დღეს გაასაჯაროებს.
როგორც შტატების ლიდერმა მედიას განუცხადა, გადაწყვეტილება ოფიციალურად ვაშინგტონის დროით, დილით გამოცხადდება, რაც, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ჯერომ პაუელის ადგილმონაცვლის ვინაობას საქართველოს დროით 19:00 საათზე გახდება ცნობილი. მედიასთან საუბრისას ტრამპმა მოქმედი ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებით პაუელი ამერიკულ ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
ცნობისთვის, ჯერომ პაუელი 2017 წელს თავად დონალდ ტრამპმა შეარჩია და დანიშნა. მას ხელმძღვანელობის მე-2 ვადა 2026 წლის მაისში უმთავრდება.
შეგახსენებთ, ამჟამად მედიისთვის ცნობილია ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატების ოთხეული. კერძოდ, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილებიან: კევინ ჰასეტი, კრისტოფერ უოლერი, კევინ წარში და რიკ რიდერი. აღსანიშნავია, რომ შტატების ლიდერი განსაკუთრებულად ოპტიმისტურად საუბრობს კევინ ჰასეტზე, რომელიც ამჟამად თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩევლის პოსტს იკავებს. თუმცა ტრამპმა არჩევანი შესაძლოა სხვა კანდიდატზე შეაჩეროს, რადგან მისი დასახელების შემთხვევაში უახლოესი გარემოცვის წევრთან დამშვიდობება მოუწევს. პრეზიდენტმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ ჰესეტის “დაკარგვა” არ სურს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი სრულიად დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეკონომიკური საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე იღებს.



























