მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი უარს ამბობს ზოგიერთ საქონელზე EU-თან ნულოვანი ტარიფით ვაჭრობაზე

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე ნულოვანი ტარიფი დაწესდეს მანქანებსა და ინდუსტრიულ პროდუქციაზე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიანიშნა, რომ თებერვალში შეთავაზებული წინადადება ნულოვანი საბაჟო გადასახადის ვაჭრობაზე აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არ გაიზიარა.

"ევროკავშირთან 350 მილიარდი დოლარის მოცულობის დეფიციტი გვაქვს", - უთხრა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში ტრამპმა და დაამატა, რომ ეს დეფიციტი მალე გაქრება თუ ევროკავშირი ამერიკულ ენერგორესურსებს იყიდის.

როგორც Guardian წერს, ბრიუსელში საპასუხო ტარიფების მიღებისთვის ემზადებიან. 2 აპრილს, „გათავისუფლების დღეს“, პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი, მრავლისმომცველი ტარიფები გამოაცხადა თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქციაზე. 27 -წევრიან ბლოკს ამერიკამ ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი საიმპორტო გადასახადი, სხვა პროდუქციაზე მათ შორის მანქანებზე კი 20%-იანი ტარიფები დაუწესა. ტრამპი იმუქრება, რომ ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებს 200%-იან ტარიფებს დაუწესებს. ეს განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაზე იმოქმედებს, რომლებიც აშშ-ში ევროპიდან ღვინის მსხვილი ექსპორტიორები არიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დამატებით 50%-იანი ტარიფით დაემუქრა ჩინეთს თუ ის უარს არ იტყვის საპასუხო გადასახადის ამოქმედებაზე. პასუხად ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 10 აპრილიდან 34%-იან გადასახადს დაუწესებს ამერიკულ პროდუქციას. მანამდე თებერვალში, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩინეთს დაუწესდა 10%-იანი ტარიფი, რომელიც მარტში 20%-მდე გაიზარდა. შედეგად ჯამში ჩინეთის მიმართ ამერიკამ 54%-იანი საიმპორტო გადასახადი დააწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები