მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი აშშ-სთვის დაწესებულ საპასუხო ეკონომიკურ ზომებს აგვისტომდე შეაჩერებს - ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხო პროცესების ამოქმედებას აგვისტომდე გადაავადებს, რაც მიზნად აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების გაგრძელებას ისახავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ 12 ივლისს დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომი კიდევ უფრო გააღრმავა და ევროკავშირისთვის 1 აგვისტოდან დამატებით 30%-იანი ტარიფის დაწესება დააანონსა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა, ინტენსიურად მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აგვისტოდან ევროკავშირსა და მექსიკას 30%-იან ტარიფს დაუწესებს

საპასუხო ზომების გადავადების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკი აშშ-სთვის დასაწესებლად დამატებით შეზღუდვებსაც განიხილავს, რათა "ყველაფერს მომზადებული შეხვდეს".

საუბარია აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფებისთვის ევროკავშირის მიერ მიღებული ტარიფების პირველ პაკეტზე, რომელიც აპრილში 90 დღით, 14 ივლისამდე გადავადდა.

ტარიფების მეორე პაკეტზე ევროკავშირი მაისის თვიდან მუშაობს, ის 72 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქტის ექსპორტზე უნდა გავრცელდეს, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის - პროდუქტთა ჩამონათვალს ბლოკის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაც სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები