აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს წერილები გაუგზავნა, სადაც წერია, რომ აშშ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.
ტრამპმა შესაბამისი წერილები სოციალურ ქსელში განათავსა. ის კიდევ უფრო მაღალი ტარიფებით დაიმუქრა, თუ ევროკავშირი ან მექსიკა მის ნაბიჯს კონტრზომებით უპასუხებენ.
ევროკავშირი იმედოვნებდა, რომ ტარიფის თავიდან ასაცილებლად წინასწარ შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა ტრამპის წერილმა გააქარწყლა ოპტიმიზმი უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევის შესახებ.
"ევროკავშირი შეერთებულ შტატებს სრულ, ღია ბაზარზე წვდომას მისცემს, ან რა რაოდენობითაც თქვენ გაზრდით ტარიფებს, ჩვენ მიერ დაწესებულ 30%-ს დაემატება“,- ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
მექსიკის ლიდერისადმი გაგზავნილ წერილში ტრამპმა აღიარა, რომ ქვეყანამ დიდი დახმარება გასწია შეერთებულ შტატებში არალეგალური მიგრანტებისა და ფენტანილის ნაკადის შესაჩერებლად, თუმცა საკმარისი არ გააკეთა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის „ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედნად“ გადაქცევა შეეჩერებინა.
„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეაჩერა კარტელები, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, ამის დაშვება არ შემიძლია!“, - ნათქვამია ტრამპის წერილში მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმისადმი.




























