ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit Airlines-ი ფედერალური მთავრობისგან $500-მილიონიანი ფინანსური დახმარების მიღებასთან ახლოსაა. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ავიაკომპანიის წილის ფლობას, რაც მას ფინანსური კოლაფსისა და ოპერაციების სრული შეჩერებისგან დაიცავს.
საქმე ისაა, რომ Spirit Airlines-ი, რომელიც 2024 წლის შემდეგ რეორგანიზაციის მეორე ეტაპს გადის, ირანის ომის ფონზე გაორმაგებული საწვავის ხარჯების გამო ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, ქუშ დესაის განცხადებით, ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება საავიაციო ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობას. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ავიაკომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა ნაწილობრივ წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც Spirit-ისა და JetBlue-ს შერწყმის პროცესი დაბლოკა. ავიაკომპანიის შესაძლო გაჩერება საფრთხეს შეუქმნის 14,000-მდე სამუშაო ადგილს და გამოიწვევს ავიაბილეთების ფასების მკვეთრ ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ დახმარების პაკეტი მგზავრებისა და თანამშრომლებისთვის პოზიტიური სიგნალია, ინიციატივამ შესაძლოა დარგის სხვა მოთამაშეების უკმაყოფილება გამოიწვიოს. საწვავის გაზრდილი ხარჯები მთელი ინდუსტრიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სახელმწიფო მხარდაჭერა ამჯერად მხოლოდ ერთი, კონკრეტული გადამზიდველისკენაა მიმართული. შეთანხმების დეტალების ოფიციალური გასაჯაროება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რაც Spirit Airlines-ს რეორგანიზაციის დასრულების შესაძლებლობას მისცემს.




























