ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის კონტრაქტების 90%-ზე მეტის გაუქმებას და ჯამურად $60-მილიარდიანი საგარეო დახმარების შეჩერებას აპირებს - ამის შესახებ Associated Press ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს. გეგმის თანახმად, ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროექტების უმრავლესობას აჩერებს.
ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა AP-სთვის როგორც შიდა წყაროებზე დაყრდნობით, ასევე ფედერალური სარჩელიდან გახდა ცნობილი. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციას USAID-ის პროექტების დაფინანსებისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის დროებითი ვალდებულება გაუჩნდა.
სწორედ უზენაესი სასამართლოს სხდომამ თვალსაჩინო გახადა აშშ-ის საგარეო დახმარების მასშტაბები, რომელსაც ქვეყანა თავისი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ათწლეულების განმავლობაში გასცემდა, რაც, თავის მხრივ, ეხმარებოდა აშშ-ის ინტერესების დაცვას სხვა ქვეყნების გაძლიერებითა და მოკავშირეების შეძენით.
AP-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 6200 მრავალწლიანი კონტრაქტიდან 5800-ს აუქმებს, რითაც $54 მილიარდს დაზოგავს. შეჩერდება სახელმწიფო დეპარტამენტის 9100 გრანტიდან 5800-ის გაცემაც, რაც ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით $4.4 მილიარდის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
დონალდ ტრამპი და სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი საგარეო დახმარების პროექტების გადახედვას მაღალ პრიორიტეტს ანიჭებენ. მათი განცხადებით, USAID-ის პროგრამები "ლიბერალური დღის წესრიგის გავრცელებას ეხმარება და ფულის ფლანგვაა".




























