მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში შესვლა კიდევ 7 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა

ვირტუალური შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომლებზეც სრული სამოგზაურო აკრძალვა ვრცელდება და შეერთებულ შტატებში შესვლა დამატებით შვიდი ქვეყნის, მათ შორის სირიის მოქალაქეებს აუკრძალა.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც "აფართოებს და ამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული, მუდმივი და სერიოზული ხარვეზები შემოწმების, ვეტინგისა და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, რათა ერი ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეებისგან დაიცვას".

სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, აკრძალვა შეეხო ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანისა და სირიის მოქალაქეებს, ასევე პალესტინის ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს. განკარგულება სრულ აკრძალვას აწესებს ლაოსსა და სიერა-ლეონეზეც, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი შეზღუდვები ვრცელდებოდა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შაბათს, პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის „ძალიან სერიოზულ საპასუხო ზომებზე" საუბრობდა. ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობას, რომლის თანახმადაც, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო თავდამსხმელმა ორი ამერიკელი ჯარისკაცი და სამოქალაქო თარჯიმანი მოკლა. თავდამსხმელი, რომელმაც მიზანში ამერიკული და სირიული ძალების კოლონა ამოიღო, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

თეთრი სახლის ცნობით, გაფართოებული აკრძალვა ძალაში 1 იანვარს შევა.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ტრამპის იმ პირობას, რომ ყველაფერს გააკეთებდა სირიის წარმატებისთვის. აღნიშნული დაპირება მან ნოემბერში, სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შემდეგ დადო.

მანამდე, ივნისში, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში შესვლა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ, ხოლო 7 ქვეყანას შეზღუდვები დაუწესდა. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს "უცხოელი ტერორისტებისა" და სხვა საფრთხეებისგან თავდასაცავად იყო საჭირო. აკრძალვები ვრცელდება როგორც იმიგრანტებზე, ასევე არაიმიგრანტებზე, მაგალითად: ტურისტებზე, სტუდენტებსა და საქმიან ვიზიტებზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სამოგზაურო აკრძალვა ძალაში რჩება აღნიშნული 12 ქვეყნისთვისაც. ტრამპმა ნაწილობრივი შეზღუდვები და შესვლის ლიმიტები დამატებით 15 ქვეყანასაც დაუწესა. იმ ქვეყნების სიის გაფართოება, რომელთა მოქალაქეებსაც შეზღუდვები ეხებათ, წარმოადგენს საიმიგრაციო ზომების შემდგომ გამკაცრებას, რასაც ადმინისტრაციამ გასულ თვეში, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი წევრის დახვრეტის შემდეგ მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები