საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომი მალე დასრულდება, საქართველოს მიმართ კი მეტი სამართლიანობა იქნება. ამის შესახებ მან ხაშურში იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას და დონალდ ტრამპის გამარჯვების შესაძლებლობის შეფასებას შეეხებოდა.
„ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც და საქართველოს მიმართ მეტი სამართლიანობა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტი მას ჩაეკითხა - ახლა უსამართლო მიდგომაა თუა საქართველოს მიმართ, რაზეც პრემიერმა უპასუხა: „თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულება შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.