მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის გულის მოსაგებად, ტაივანი $15 მილიარდის ამერიკულ სამხედრო ტექნიკას შეიძენს

დონალდ ტრამპი / ტაივანი

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ტაივანის ხელისუფლება დიდი რაოდენობით ამერიკული წარმოების სამხედრო იარაღის ყიდვას გეგმავს. როგორც ანონიმური წყარო რამდენიმე ავტორიტეტულ გამოცემას უყვება, ტაივანის მთავრობა Lockheed Martin-ის წარმოების გემების, Northrop Grumman-ის წარმოების სადაზვერვო თვითმფრინავი E-2D Advanced Hawkeye და Lockheed Martin-ის ფლაგმანური ავიაგამანადგურებლების, F-35-ის შეძენას გეგმავს. როგორც ირკვევა, ამერიკული სამხედრო იარაღის შესყიდვა ტაივანის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად გადაწყვიტა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში რესპუბლიკელი კანდიდატი ტაივანის მიმართ არც თუ ისე დადებით რიტორიკას ინარჩუნებდა.

როგორც დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის ივლისში ამბობდა, ტაივანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს, რადგან ტაივანი, მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ სამხედრო დაცვის სანაცვლოდ ქვეყანა არაფერს იღებს. დონალდ ტრამპის ეს განცხადება ტაივანის მიკროჩიპების წარმოების ბიზნესს უკავშირდებოდა, რომელიც ამ ტერიტორიის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია. როგორც დონალდ ტრამპმა იმ დროს დასძინა, ტაივანმა ამერიკული მიკროჩიპების ბიზნესის 100% მიისაკუთრა, რაც მისი თქმით, დაუშვებელი იყო.

ამ მხრივ, დონალდ ტრამპი ნაწილობრივ მართალია, რადგან გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე ტაივანის გამოჩენამდე, მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ხოლო თავად ეს პროდუქტი — მიკროჩიპი, საერთოდაც ამერიკულმა Intel-მა შექმნა. დღეს, ტაივანზე მიკროჩიპების გლობალური ბაზრის წილის 66% მოდის, რაც ფაქტობრივად სრულად ერთი კომპანიის, TSMC-ის დამსახურებაა, რომელიც Apple-ისა და NVIDIA-ს მსგავს ამერიკულ კომპანიებს ემსახურება. საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბაზრის მხოლოდ 6% მოდის და დონალდ ტრამპის ამერიკაცენტრული პოლიტიკის ფარგლებში, ამ წილობრივი მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი.

კონკრეტულად რა სამხედრო იარაღს შეუკვეთს ტაივანი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს დანიშნავს, რომელსაც ტაივანის ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტაივანის ხელისუფლება სამოცი ერთეული F-35-ის, ოთხი Advanced Hawkeye-ის, ათი სამხედრო გემის და ოთხასი ერთეული Patriot-ის ტიპის მიწა-ჰაერის სარაკეტო დანადგარის შეკვეთას გეგმავს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეს სულ მცირე $15 მილიარდი დაუჯდება. ამასთან, ტაივანთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ Lockheed Martin-ის წარმოების Aegis-ის ტიპის საბრძოლო გემს, რომლის ერთეულის ღირებულება $1 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.

აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებს შორის მდებარე ტაივანი ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელიც ამერიკული წარმოების სამხედრო იარაღს ხშირად ყიდულობს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, ტაივანმა სამხედრო აღჭურვილობის თერთმეტი პაკეტი მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულება $21 მილიარდზე მეტი იყო — იმ დროს, ტაივანმა F-16-ები და აბრამსის ტიპის ტანკები შეიძინა. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ტაივანმა სამხედრო ბიუჯეტის პრიორიტეტებს გადახედა და დიდი მულტიფუნქციური სისტემების ნაცვლად შედარებით მცირე და მობილურ სისტემების შეძენაზე გადაერთო. შედეგად, ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაივანს ჯამში $7 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობა მიჰყიდა.

ის იარაღი, რომელსაც ტაივანი და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა მოკავშირეები ყიდულობენ უმეტესწილად რამდენიმე ამერიკული კორპორაციის მიერ არის წარმოებული, რომელთაც, ამ კომპანიების ჯამური გავლენის გამო, სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსად მოიხსენიებენ. ამ ჩამონათვალში, როგორც წესი, ხუთი კომპანია ხვდება, ესენია: Lockheed Martin-ი, RTX-ი, General Dynamics-ი, The Boeing Company-ი და Northrop Grumman-ი. აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ხუთიდან ოთხი კომპანიის აქციების ფასმა მკვეთრად იმატა, ხოლო ერთადერთი კომპანია, რომლის აქციების ღირებულებამ 5-დღიან ჭრილში იკლო — Boeing-ია, მაგრამ ამ შემთხვევაში, კლება კომპანიის შიგნით არსებულ გაუმართაობას უკავშირდება და არა დონალდ ტრამპის ფაქტორს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები