მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ისრაელში მიმდინარე ომს სამხედრო იარაღის მწარმოებელ კომპანიებზე?

აშშ - სამხედრო

რამდენიმე დღის წინ, ღაზის სექტორში ბაზირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის სამხრეთ რეგიონზე მოულოდნელი იერიში მიიტანა, რითაც ქვეყანას და რეგიონს შორის ისედაც ათწლეულობით დაძაბული ურთიერთობა, ომში გადაიზარდა.

სწორედ ომად შერაცხა ეს კრიზისი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც „ჰამასის“ მებრძოლების ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის შემდეგ მალევე, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და ჯარის სრული მზადყოფნა გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, ისრაელში მიმდინარე ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი ჯერაც “ჰამასის” ტყვეობაში იმყოფება.

მთელი დღის განმავლობაში ისმოდა შეფასებები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი, მუჰამედ ბინ სალმანია, რომელიც, რაც უნდა უცნაური იყოს, რამდენიმე კვირის წინ, Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ნორმალიზება, სულ მცირე გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ამ კონფლიქტში, მუჰამედ ბინ სალმანი პალესტინელების მხარეს დადგა, რაც პრინციპში მოსალოდნელი და სავსებით ლოგიკურიც იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ნაბიჯით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საფრთხის წინაშე დადგა ის სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც ისრაელი, საუდის არაბეთი და ამერიკის შეერთებული შტატები იყო ჩართული. 

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე ომში ჩართული არ არის და, სავარაუდოდ, არც არასდროს ჩაერთვება, ეს ქვეყანა და მისი ერთპიროვნული მმართველი შემთხვევით არ მიხსენებია. საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთი, ისევე, როგორც ისრაელი, ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენად. დასტურად ამისა ისიც გამოდგება, რომ მხოლოდ 2022 წელს, საუდის არაბეთმა შტატებისგან 65 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება შეიძინა, რაც ამერიკისთვისაც კი, ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია.

თუმცა დღევანდელი საქმიანი საღამო არ ეძღვნება საუდის არაბეთს და მუჰამედ ბინ სალმანს, რომელთაც ჩვენს საეთერო ბადეში ისედაც საკმარისი დრო აქვთ. საქმიანი საღამოს ამ სეგმენტში ისრაელს, უფრო კონკრეტულად კი მის სამხედრო პოტენციალს მიმოვიხილავთ. მარტივად რომ გითხრათ, ისრაელი ფლობს რამის ყველა სახის სამხედრო ტექნიკას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს. ისრაელში შევხვდებით, როგორც F-15-ის, F-16-ის და F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, ასევე AH-64-ტიპის შვეულმფრენებს, დელფინის-კლასის წყალქვეშა სისტემებს, აბრამსის-ტიპის ტანკებს და, რაც მთავარია, რკინის გუბმათის ტექნოლოგიას. მოკლედ, ისრაელს აქვს ლამის ყველაფერი, გარდა F-22 Raptor-ისა და B-2 Spirit-ისა, რომლებიც შტატების გარდა უბრალოდ არავის აქვს.

ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი სამხედრო პარტნიორია, რაც აისახება იმ ასობით მილიარდი დოლარის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაშიც, რომელიც ისრაელმა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსგან ათწლეულების განმავლობაში მიიღო. თუმცა ფულის გარდა, ისრაელს კიდევ ერთი პლუსიც აქვს - გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში შტატებს ძალიან დიდი როლი აქვს, ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთის მიმართ ნდობის სულ სხვა სტანდარტები აქვთ, რის გამოც, სამხედრო ტექნიკის გარდა, ხშირად, ისრაელი ამერიკულ, ჯერ კიდევ გრიფით საიდუმლო ტექნოლოგიასაც იღებს.

ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და განსაცვიფრებელ სამხედრო გამოგონებას, რომელიც ჩვენთან “რკინის გუმბათის” სახელითაა ცნობილი. “რკინის გუმბათი” თავდაცვითი საჰაერო სისტემაა, რომელიც ისრაელს ისე იცავს, როგორც ეს ფილმებში გვინახავს, როცა კონკრეტულ ობიექტს ერთგვარი უზარმაზარი ფარი იცავს, რომელიც არაფერს ატარებს. “რკინის გუმბათი” რადარების მაღალტექნოლოგიურ სისტემას ეფუძნება, რომელსაც შეუძლია 4-დან 70 კილომეტრამდე მანძილზე რეაქტიული ჭურვის და მისი ტრაექტორიის ამოცნობა შეუძლია, რომლის შემდეგაც, სისტემა ავტომატურად უშვებს საპასურო რეაქტიულ ჭურვს საფრთხის გასანეიტრალებლად. ეს სისტემა, სხვათა შორის, ამერიკელების შექმნილი არ არის, მასზე ორმა ისრაელურმა კომპანიამ იმუშავა.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის ლამის სრული სამხედრო არსენალი ამერიკული კომპანიების მიერ არის წარმოებული, გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, თუ როგორ იმოქმედა ისრაელში მიმდინარე ომმა სამხედრო ტექნიკისა და ტექნოლოგიების მწარმოებელ საჯარო კომპანიებზე. სანამ კომპანიებს დეტალურად მიმოვიხილავთ, გეტყვით რომ საერთო ტენდენცია მზარდია და კომპანიების აქციები, ფაქტობრივად მომენტალურად ავარდა ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალურ ნიშნულზე.

ყველაზე დიდი ზრდა ამერიკულმა Northrop Grumman-მა განიცადა, რომლის აქციების ღირებულება ისრაელში ომის დაწყების შემდეგ ლამის 12%-ით გაიზარდა. ეს კომპანია, ბევრ სხვა საინტერესო პროდუქტთან ერთად, საჰაერო დაზვერვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს E-2-ტიპის სადაზვერვო სისტემას აწარმოებს, რომელიც ხალხში “ქორისთვალას” სახელითაა ცნობილი.

საკმაოდ მკვეთრად გაიზარდა F-35-ისა და F-16-ის მწარმოებელი კომპანიების, Lockheed Martin-ისა და General Dynamics-ის აქციების ღირებულებაც. თუ პირველის აქციების ყიდვა ომამდე 400 დოლარად შეგეძლოთ, ახლა ფასი ლამის 440 დოლარამდე არის გაზრდილი, რაც ფაქტობრივად 10%-იანი ზრდაა.

მსგავსი მდგომარეობაა General Dynamics-ის შემთხვევაშიც, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი ნაკლებია და 9%-ს შეადგენს. თუმცა ამ კომპანიების აქციებთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა Raytheon Technologies-ისა და Palantir-ის აქციებიც, ხოლო ინდივიდუალური აქციების ზრდა, ცხადია, აისახება ფონდების, ანუ ETF-ების ზრდაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები