“ერთი დიდი მშვენიერი კანონპროექტი” უკვე კანონად იქცა და პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი დაპირებაც შეასრულა - ამიერიდან, განახლებადი ენერგიის განვითარება შტატების პრიორიტეტი აღარ იქნება. ფედერალური ბიუჯეტი მხოლოდ წიაღისეული საწვავის ისეთი წყაროების მოპოვებას მოხმარდება, როგორებიც ნავთობი, გაზი და ქვანახშირია. გადაწყვეტილება კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ახალი კანონი განახლებადი ენერგიისთვის ყოველგვარი საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების გაუქმებას ითვალისწინებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება წიაღისეულის მომპოვებელ ინდუსტრიებს გააძლიერებს.
ცვლილებების მომხრეების მთავარი არგუმენტი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა. მათი შეფასებით, წიაღისეულის მომპოვებელი ინდუსტრიისგან დისტანცირებით შტატებმა თავისი სტრატეგიული პოზიციები მნიშვნელოვნად დაკარგა. რაც შეეხებათ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს, მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყანა უკან დახია და კლიმატური მიზნების მიღწევისა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის ამბიციურ გეგმებს ბოლო მოუღო. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ცუდად იმოქმედებს გლობალურ შეთანხმებაზე და პროცესიდან შტატების გასვლის ფონზე, ბევრი ქვეყანა ისევ წიაღისეულის მოპოვებას აქცევს პრიორიტეტად. ეს კი, ცხადია, კლიმატურ პირობებზე უარყოფითად იმოქმედებს.




























