აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კრიპტოინდუსტრიის მხარდამჭერ პოლიტიკოსად იქცა ბიტკოინის საყიდლად $2.5 მილიარდის ინვესტიციას მოიზიდავს. ტრანზაქციას პრეზიდენტი Trump Media & Technology Group-ით განახორციელებს, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ის მფლობელი კომპანიაა, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამგვარად, TMTG ტრანსფორმაციას იწყებს, რომლის შემდეგ ციფრულ აქტივებზე ორიენტირებულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად გადაკეთდება.
თანხის უდიდეს ნაწილს, კერძოდ $1.5 მილიარდს დონალდ ტრამპის კომპანია ახალი აქციების გამოშვებით მოაბილიზებს, რომელსაც ინსტიტუციურ ინვესტორებს მიყიდის, როცა დარჩენილ $1 მილიარდს Trump Media & Technology Group-ი კორპორაციული ობლიგაციების გაყიდვით მიიღებს. აღნიშნული ობლიგაციები მეტად საინტერესოა, რადგან ობლიგაციონერები შეძლებენ სავალო ფასიანი ქაღალდები კომპანიის აქციებში გადაცვალონ. TMTG-ის 50%-ზე მეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის, ანუ ტრანზაქციის მთავარი ბენეფიციარი სწორედ ის იქნება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ახალი აქციების გამოშვების შემდეგ, ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რაც ნიშნავს, რომ აქციები ავტომატურად გაუფასურდება, რაც დონალდ ტრამპის პირადი ქონების შეფასებაზეც აისახება. ინვესტიციის მოზიდვის შესახებ სიახლის გავრცელების შემდეგ, Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი 10%-ით შემცირდა, როცა წლის დასაწყისიდან ფასი 31%-იან კლებას აფიქსირებს. დღეს, TMTG-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.
კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, მესვეურებს სჯერათ, რომ ბიტკოინი ფინანსური დამოუკიდებლობის და თავისუფლების ქვაკუთხედია, რის გამოც Trump Media & Technology Group-ი ციფრულ ოქროდ წოდებულ აქტივში ინვესტირებას და კორპორაციული რეზერვის შექმნას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უოლ-სტრიტისთვის არახალია, მეტიც — ბიტკოინში ბევრი კომპანია ინვესტირებს, როგორც პირდაპირ აქტივის შესყიდვით, ასევე ბიტკოინის ETF-ებში ინვესტირებით. ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო კომპანია Strategy-ია, რომელიც ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელია პლანეტაზე.




























