ანალიტიკური კომპანია Nansen-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიპტო მიმკოინის ($TRUMP) შეძენის შემდეგ, თითქმის მილიონმა ადამიანმა ჯამში $3.8 მილიარდი დაკარგა.
ბლოკჩეინზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ტრანზაქციების ანალიზის მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის ზარალი 988 905 ანგარიშზე დაფიქსირდა, რაც კრიპტოვალუტის მფლობელთა დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს. პარალელურად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავად დონალდ ტრამპმა დასახელებული მიმკოინიდან $636 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა გასულ წელს კრიპტოინდუსტრიიდან პრეზიდენტის მიერ გამომუშავებული $1.4 მილიარდის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას $TRUMP-ის ფასი $1.69-მდე შემცირდა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმიდან, ანუ $75.35-დან თითქმის 98%-იან კლებას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მიმკოინის გამოშვების შესახებ 2025 წელს, ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე გამოაცხადა. მანამდე მან შვილებთან ერთად კრიპტოსტარტაპი World Liberty Financial-ი დააფუძნა, რომლის კრიპტოვალუტის, $WLFI-ის ღირებულებაც ასევე საგრძნობლად არის შემცირებული.




























