მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამპის მარშრუტის" გახსნით, საქართველო 2 მლნ ტონამდე ტვირთს დაკარგავს - პაატა ცაგარეიშვილი

პაატა ცაგარეიშვილი

"ტრამპის მარშრუტის" გახსნით, საქართველო 2 მლნ ტონამდე ტვირთს დაკარგავს - TRIPP-ის (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) განვითარებით ამიერკავკასიის რეგიონსა და შუა დერეფანში მოსალოდნელი ცვლილებები "საქმიანი დილას" ეთერში "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა შეაფასა.

"ახალი, ტრამპის დერეფანი გარკვეულწილად საშიშროებასთან არის დაკავშირებული. ჩვენმა ორგანიზაციამ დაითვალა ის ტვირთნაკადი, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან, ხვალვე რომ გაიხსნას ეს დერეფანი, შესაძლოა, საქართველოზე გამავალმა დერეფანმა დაკარგოს. ეს არ არის პატარა რიცხვი, დაახლოებით მილიონ-ნახევარი, 2 მილიონი ტონა ტვირთია, რომელიც დღეს დადის და მოძრაობს საქართველოზე გამავალი საავტომობილო თუ სარკინიგზო დერეფნით, ამ ტვირთის გადამისამართება მომენტალურად მოხდება. შეიძლება სინერგია იყოს პირობითად შუა დერეფნისთვის, მაგრამ ჩვენი მონაკვეთი, აზერბაიჯანიდან, ბაქოდან დაწყებული საქართველოს პორტებამდე, დაკარგავს მას", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, დღეს რას აკეთებს საქართველო და სად ვართ ახლა, ან როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა რომ რეგიონში გაჩენილი შესაძლებლობით სწორად ისარგებლოს, ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროცესების ქვაკუთხედი ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა იყოს.

"2025 წელს, ანუ შარშან, აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში გაიმართა. მანამდე 2017 წელსაც იყო. ის წინადადებები, ის საკვანძო პროექტები, რომლებიც 2025 წელს გაჟღერდა, არაფრით არ განსხვავდებოდა 2017 წელს გაჟღერებულისგან. ფაქტობრივად, 7-8 წლის განმავლობაში საქართველოს პროგრესი, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების თვალთახედვით, არ ჰქონია. ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტორია, რომელიც ჩვენ განვითარებას ამუხრუჭებს.

ერთი წუთით შევხედოთ, რა ხდება თუნდაც ცენტრალურ აზიაში. მაგალითად, 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება მხოლოდ ყაზახეთში მეტალურგიული დარგის განვითარებისთვის. 5 მილიარდი დოლარი უზბეკეთში იდება მხოლოდ ქიმიური მრეწველობის განვითარებაში - ამ სახელმწიფოებმა გარკვეულწილად უარი თქვეს თავიანთი ნედლეულის გაგზავნაზე. მათი დოქტრინაა, რომ უკვე გადამუშავებული პროდუქცია გაუშვან სხვადასხვა ბაზარზე. შესაბამისად, როდესაც გადამუშავებულ პროდუქციაზეა საუბარი, ჩვენ აქ უნდა დავახვედროთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში ნავსადგურებში.

არსებული ინფრასტრუქტურა ამ ახალი ნომენკლატურის ტვირთებისთვის მისადაგებული არ არის. ამიტომაც, პორტების განვითარება უნდა იყოს ბაზარზე ახალი ტვირთების წარმოქმნასთან შესინთეზებული. აი ეს აკლია ჩვენ დერეფნის განვითარებას", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „ტრამპის მარშრუტის" განხორციელებისთვის ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს. ახალმა დერეფანმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), აზერბაიჯანი, სომხეთის გავლით, თავის ექსკლავ ნახიჩევანს უნდა დააკავშიროს. შეიქმნება TRIPP-ის განვითარების კომპანია, რომლის 74%-ს სომხეთი აშშ-ის გადასცემს, ხოლო 26% სომხეთს დარჩება. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მთავრობათაშორისი თანამშრომლობა კორიდორში სარკინიგზო და საგზაო პროექტების განვითარების მიმართულებით. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე და მისი მართვის უფლება 49 წლის მანძილზე ექნება.

"ტრამპის მარშრუტის" პროექტს აშშ 145 მლნ დოლარით დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები