Reuters-მა დონალდ ტრამპის ოჯახის შესახებ გამოძიება ჩაატარა. როგორ მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, 2025 წლის პირველი იანვრიდან ივნისის ბოლომდე პრეზიდენტის ოჯახმა $800 მილიონის შემოსავალი კრიპტოვალუტის ტოკენების გაყიდვით მიიღო, რითაც იმაზე მნიშვნელოვნად მეტი მოგება ნახა, ვიდრე ტრამპების ოჯახი არსებული ბიზნესებიდან იღებს.
როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ძვირად ღირებული ტოკენების გაყიდვა ტრამპის შვილებმა 2024 წელს დაფუძნებული სტარტაპის, World Liberty Financial-ის დახმარებით შეძლეს. საუბარია პლატფორმაზე, რომელიც ე.წ. მიმ ქოინებს, მათ შორის ტრამპის სახელობის ქოინს ყიდის.
ამერიკის პრეზიდენტის ოჯახმა შემოსავლების 90% უცხოური ინვესტიციებიდან მიიღო და ისეთ კრიპტო-საფულეებში განათავსა, რომლის მფლობელების, ასევე კონკრეტული გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. დარგის ექსპერტებს სწორედ ეს საეჭვო საფულეები უჩენს განცდას, რომ ტრამპის ოჯახს საკუთარი სახელის მითითებისგან თავის არიდებით პრეზიდენტის შვილები კანონმდებლობას გვერდს უვლიან.
ექსპერტების შეფასებით, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტოკენების გაყიდვა ტექნიკურად ნებადართულია, თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, აქვს თუ არა მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირის ოჯახის წევრს ამ გზით შემოსავლის მიღების უფლება. როგორც ცნობილია, ტოკენების ფასზე გავლენის მოხდენა ტრამპის მასშტაბის პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საჯარო პოზიციაზე მყოფმა პირმა შესაძლებლობით ბოროტად ისარგებლოს, კონკრეტულ ტოკენს გაუწიოს რეკომენდაცია და აქედან მის გარემოცვას სარგებლის მიღების საშუალება მისცეს.
Reuters-ის ჟურნალისტურ გამოძიებას თეთრ სახლში უკვე გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ ბიზნესში დიდი ხანია აღარ არის ჩართული. მართალია, ის Trump Organization-ის ტრასტის ბენეფიციარად რჩება და შემოსავლიდან სარგებელსაც იღებს, თუმცა ამას კანონმდებლობა არ კრძალავს.
სექტორის ექსპერტები შიშობენ, რომ ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა, ოჯახი პოლიტიკური თუ პიროვნული გავლენით ბოროტად სარგებლობენ და საკითხის ეთიკის კომიტეტზე დაყენებას მოითხოვენ. თუმცა, რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებად წარმომადგენლობით პალატასა თუ სენატში ამ თემაზე მსჯელობა ნაკლებად სავარაუდოა.




























