მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის შემდეგ, ირანში რეჟიმის ცვლილებას მხარს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრიც უჭერს

ანიტა ანანდი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შემდეგ, ირანის რეჟიმის ცვლილებას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა მხარი. ქვეყნის პირველი დიპლომატის, ანიტა ანანდის განცხადებით, ოფიციალური ოტავა ოფიციალურ თეირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს იქამდე არ აღადგენს, ვიდრე ირანში მოქმედი ხელისუფლება არ შეიცვლება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ამჟამად ოფიციალური ოტავა დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ხელის შეშლითა და ძალაუფლების გადამეტების ფაქტების დაფიქსირებით.

ანიტა ანანდმა სწორედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მაგალითად დაასახელა კანადის მიერ ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქცირება, რაც, მინისტრის შეფასებით, აიათოლას რეჟიმს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს და დათმობისკენ უბიძგებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური ოტავას მიერ სანქციების გამოცხადება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავებას და საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

ცნობისთვის, კანადის ხელისუფლებამ ირანთან დიპლომატიური კავშირები ჯერ კიდევ 2012 წელს, მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევისა და პროტესტების სისხლში ჩახშობის გამო შეწყვიტა. აქვე უნდა ითქვას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, განიხილავს თუ არა ოფიციალური ოტავა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას ირანში შესაძლო სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ კანადის ხელისუფლების მხრიდან ირანში რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული განცხადება ზუსტად ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომელმაც გასული კვირის მიწურულს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აიათოლას ხელისუფლების ჩამოგდება არსებულ ვითარებაში ამერიკის ინტერესებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. შეგახსენებთ, შტატების ხელისუფლებას სპარსეთის ზღვაში უკვე ჰყავს გაგზავნილი ერთი ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი მთელ ფლოტილიასთან ერთად, მეორე ავიამზიდი, USS Gerald R. Ford-ი კი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე კვირაში ჩავა. იქამდე კი ტრამპი ირანს დათმობებზე წასვლისა და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ერთთვიან დროს აძლევს. თუ თეირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე, მძლავრი სარაკეტო არსენალის შემცირებასა და რეგიონული მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების შეწყვეტაზე უარს არ იტყვის, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმედებები დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები