მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის სურვილმა გრენლანდიის შესყიდვის შესახებ კუნძულზე უძრავი ქონების გაყიდვების ბუმი გამოიწვია

5d8e0e0498589
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 17:56
1519
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილმა გრენლანდიის შესყიდვასთან დაკავშირებით კუნძულზე უძრავი ქონების გაყიდვების ბუმი გამოიწვია. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გრენლანდიაზე სახლების შეძენას უამრავი უცხოელი ცდილობს.

როგორც ამერიკულ გაზეთთან საუბრისას ლარს პედერსენი აცხადებს, მან ცოტა ხნის წინ, თავისი ბინა 44.200 ამერიკულ დოლარად გაყიდა, ბევრად მეტად, რაც 2018 წელს გადაიხადა.

"ბაზარი სრულიად გადარეულია, უამრავი სახლი, აპარტამენტი და ბინაა გასაყიდად. ყველაფერი იყიდება, პირობების მიუხედავად", - აცხადებს პედერსენი გაზეთის ჟურნალისტთან.







უძრავი ქონების ბაზრის ბუმმა გავლენა იქონია უმთავრესად გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკზე, სადაც მხოლოდ 18 000 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ამერიკული გაზეთი წერს, ფასები შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ტრამპის სურვილის შემდეგ, კუნძულზე ვიზიტორების რაოდენობამაც რეკორდულად მოიმატა. ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელმა ლარსენაკ ეჯიმ WSJ–ს განუცხადა, რომ როგორც წესი, მისი კომპანია წელიწადში ერთ, ან ორ თხოვნას იღებს საზღვარგარეთიდან. ტრამპის ისტორიის დაწყებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ კი, მათ უცხოელთაგან ათეულობით მოთხოვნა მიიღეს.


როგორც WSJ წერს, კუნძულის მიწა კოლექტიურ საკუთრებაშია, მისი შეძენა შეუძლებელია, სახლის ასაშენებლად კი მუნიციპალიტეტის ნებართვაა საჭირო. სახლებს ერთმანეთისგან ღობეებიც კი არ ჰყოფს. ნუუკის მოსახლეობის უმეტესობა კორპუსებში ცხოვრობს, სადაც 12–სართულიანი სახლები ჭარბობს, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ოჯახი საკუთარ სახლებს ანიჭებს უპირატესობას.






584000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სახლი ნუუკში ძვირადღირებულად ითვლება. ყველაზე ძვირად საცხოვრებელი ქონება აქ 2018 წელს 1,25 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს იყო 362 კვადრატული მეტრიანი შენობა, ზღვის ხედით დედაქალაქის ცენტრთან ახლოს.
 
ფასები იზრდება გრენლანდიის სიდიდით მეორე ქალაქ - ილულისატშიც. შედარებით მცირე დასახლებებში ვითარება განსხვავებულია: მოსახლეობა სახლებს უფრო ხშირად ყიდის და ტერიტორიას ტოვებს. მათი შეძენა უცხოელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა რეგიონებში  ჩასვლა ძალიან რთულია.






გრენლანდია მჭიდროდ არის დასახლებული: მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით 56 000 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის უმეტესი ნაწილი ყინულით არის დაფარული, ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში მოხვედრა ნავით, ან თვითმფრინავებით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, დონალდ ტრამპის სურვილის, დანიისგან გრენლანდიის 600 მილიონ დოლარად შეძენის შესახებ, Washington Post-მა დაწერა, რასაც კოპენჰაგენში ხისტი პასუხი მოჰყვა. დანიის ხელისუფლებამ ცალსახად აღნიშნა, რომ ისინი ტერიტორიებით არ ვაჭრობენ. ამის შემდეგ, ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები