გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს ფრედერიკ ნილსენი ავტონომიური რეგიონის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო განხილვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ გრენლანდიის ვენესუელასთან შედარება და იმის იმედად ყოფნა, რომ არქტიკულ კუნძულს ვინმე ერთ დღეში დაიპყრობს, არარეალისტურია.
როგორც ნილსენი ამბობს, დანიის სამეფოს შემადგენლობაში მყოფი რეგიონი უკვე მრავალი წელია დემოკრატიულად იმართება და მისდამი ვენესუელას მსგავსი მიდგომის გამოჩენა დაუშვებელია. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას პატივისცემის გამოჩენას ურჩევს და მოუწოდებს, კონტაქტი პირდაპირი დიპლომატიური გზით დაამყარონ და მედიის გავლით მუქარებისგან თავი შეიკავონ.
რეგიონის ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართა და მათ გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ამასთან, განაცხადა, რომ კუნძული მოკავშირეებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მის ავტონომიას ყველამ სცეს პატივი. აღსანიშნავია, რომ ნილსენის კომენტარი ემთხვევა ევროპელი ლიდერების განცხადებებს, რომლებიც გრენლანდიის სუვერენიტეტზე ამახვილებენ ყურადღებას და თეთრ სახლს მოუწოდებენ, კუნძულის ანექსიის მუქარისგან თავი შეიკავონ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ისიც კი აღნიშნა, რომ თუ ამერიკა გრენლანდიის იძულებით შემოერთებას ცდის, ეს NATO-ს დაშლას გამოიწვევს.




























