ტრამპის მიერ საქართველოსთვის იმპორტზე დაწესებული ახალი ტარიფები რისკს უქმნის ბოლო წლებში აშშ-ის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის გაგრძელებას და შესაძლოა, შეაფერხოს ეს დინამიკა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ამერიკის სავაჭრო ტარიფების საქართველოზე პირდაპირი გავლენას ეხება.
როგორც თიბისი კაპიტალი იქვე აღნიშნავს, მსგავსი ტიპის ტარიფების დაწესება, როგორც წესი, სრულად აისახება სამომხმარებლო ფასებში და ტარიფის ტვირთიც მომხმარებელზე გადადის; მეორე მხრივ, რადგან აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინო უკვე მაღალ საფასო სეგმენტს წარმოადგენს, შესაძლოა, მომხმარებელი ნაკლებად მგრძნობიარე აღმოჩნდეს ფასების ცვლილების მიმართ.
“ღვინო ამერიკაში სიდიდით მეორე საექსპორტო პროდუქტია და ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2024 წელს, აშშ-ის წილმა საქართველოს ღვინის ექსპორტში 2.6% შეადგინა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აშშ-ში $6.0 იყო, რაც 2-ჯერ აღემატება საშუალო საექსპორტო ფასს ($2.9). ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ქართული ღვინო აშშ-ის ბაზარზე მაღალი საფასო სეგმენტზე პოზიციონირდება”, - წერს თიბისი კაპიტალი.
ღვინის ქართველი მეწარმეების ნაწილი ამბობს, რომ აშშ-ის ტარიფებს ქართული ღვინის გაყიდვებზე შესაძლოა, დადებითი შედეგი ჰქონდეს. ასეთია მაგალითად “ვილლა მოსავალი". “ფაფრის ველი” კი მიიჩნევს, რომ 10%-იანი ტარიფის დაწესება ქართული ღვინის ექსპორტში კარდინალურ რყევებს არ გამოიწვევს. ამასთან, SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოდან იმპორტზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი ქართველი ღვინის მწარმოებლებზე ნეგატიურად არ აისახება და ტარიფმა, შეიძლება, მეტი შესაძლებლობა გაუჩინოს ქართულ ღვინოს.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი დღეს, 5 აპრილს ამოქმედდა. საქართველოს გარდა, ტრამპმა ახალი ტარიფები 180-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა.