მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს ტარიფებს ქართული ღვინის გაყიდვებზე შესაძლოა, დადებითი შედეგი ჰქონდეს - “ვილლა მოსავალი"

ღვინო

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 180 ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა, რაც აშშ-ის 4.1 ტრილიონიან იმპორტს ასობით მილიარდი დოლარით დაბეგრავს. მათ შორის, 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის 34%-იანი საიმპორტო ტარიფები, იაპონიისთვის 24%-იანი ტარიფები, ინდოეთისთვის 26%-იანი ტარიფები. სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით.

როგორც “ვილლა მოსავალის” გენერალურმა მენეჯერმა BMG-სთან განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით, ქართული ღვინო სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან საფასო კატეგორიაში მეტად კონკურენტული იქნება.

ნიკოლ შეყრილაძის თქმით, ქართული პროდუქცია ევროპულთან შედარებით უფრო ნაკლები ტარიფით დაიბეგრება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამან დადებითი გავლენა მოახდინოს აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვებზე.

„აშშ ბაზარი ღვინის ბაზრის განვითარებისთვის სტრატეგიულია. ამ ბაზარზე მსყიდველუნარიანობა მაღალია და შესაბამისად, მოთხოვნა ღვინის ხარისხზე მაღალია.

ეს ვითარება, რომ დამატებით ბაჟი გაიზარდა, ჩემი აზრით, ჩვენი კონკრეტული საწარმოს შემთხვევაში, უკეთეს შედეგებს მოგვიტანს. იქიდან გამომდინარე, რომ ფასის თვალსაზრისით კონკურენცია გაიზრდება. სხვა ქვეყნებზე გამოცხადებული ტარიფი 20%-ია, ჩვენს შემთხვევაში - 10%-ი. ევროპული ქვეყნების ღვინის წარმოებები საკმაოდ განვითარებულია და ფასის კონკურენცია ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია, ასეთი ქმედება, რომ სხვა ქვეყანას 20%-ით ეზრდება საბაჟო გადასახადი და ჩვენ 10%-ით, ვფიქრობ, დადებით რეაქციას მოახდენს ჩვენი ღვინის გაყიდვებზე.

ვფიქრობ, რომ ჩვენს შემთხვევაში, დადებითი რეაქცია ექნება იმპორტიორს და მომხმარებელსაც. ჩვენი ღვინოები ძირითადად ჰორეკა სექტორში და სპეციალიზებულ მაღაზიებშია წარმოდგენილი. ისედაც თაროს ფასი ამ მიმართულებით მაღალია და 10% გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ შემთხვევამ. აქამდე თანაბარ პირობებში ვიყავით, ერთი და იგივე საბაჟო ტარიფს ვიხდიდით ქართველი და ევროპელი მეღვინეები. ახლა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ნაკლები ბაჟი გვექნება ქართულ ღვინოზე, შესაძლოა, უკეთესი შედეგი იყოს ქართული ღვინის გაყიდვებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ში 2024 წელს საქართველოდან 141 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი გავიდა, მათ შორის, ღვინის ექსპორტმა 7.1 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები