მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10%-იანი ტარიფის დაწესება ქართული ღვინის ექსპორტში კარდინალურ რყევებს არ გამოიწვევს - ფაფრის ველი

შალვა ქურდაძე

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 180 ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა, რაც აშშ-ის 4.1 ტრილიონიან იმპორტს ასობით მილიარდი დოლარით დაბეგრავს. მათ შორის, 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის 34%-იანი საიმპორტო ტარიფები, იაპონიისთვის 24%-იანი ტარიფები, ინდოეთისთვის 26%-იანი ტარიფები. სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით.

როგორც კომპანია „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოდან აშშ-ს ბაზარზე ძირითადად მაღალი სეგმენტის ღვინოა წარმოდგენილი, 10%-იანი ტარიფის დაწესება მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

მისივე თქმით, ზოგადად, გამოწვევაა, რომ აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ცნობადობა მაღალი არაა.

„რა თქმა უნდა, არასდროს არაა სასიამოვნო, როდესაც სხვადასხვა გადასახადი წესდება საექსპორტო ბაზრებზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო გაგვიმართლა. საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესდა, ისეთ ქვეყნებს კი როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, მათ გაცილებით მეტი ტარიფები დაუწესდათ. მეორე მხრივ, ქართული ღვინის ცნობადობა აშშ-ში არაა ისეთ დონეზე, რასაც ჩვენ ვისურვებდით. ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობა არაა ისეთ დონეზე, რომ კარდინალურ უარყოფით ცვლილებებს ველოდებოდეთ ამ მიმართულებით.

ეს გაცილებით მგრძნობიარე იქნებოდა ისეთი ბაზრის მიმართულებით როგორიც რუსეთია, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის 70% მოდის. ნეტავ, აშშ-სა და სხვა ბაზრებზე იმდენს ვყიდდეთ, რომ ტარიფის 10%-იანმა ცვლილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამიტომ არ მგონია, რომ კარდინალურ რყევებს ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით პრემიალური ღვინის სეგმენტის მიმართულებით. მას მარკეტის ღვინოზე უფრო მეტ გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი, თუმცა პრემიალური ღვინისთვის ტარიფის 10%-იანი ზრდამ არ მგონია, კარდინალური ცვლილებები მოახდინოს“, - განაცხადა შალვა ქურდიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ში 2024 წელს საქართველოდან 141 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი გავიდა, მათ შორის, ღვინის ექსპორტმა 7.1 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები