მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თქმით, ირანისკენ კიდევ ერთი არმადა მიემართება

ტრამპი - აითოლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არაბეთის ზღვისკენ კიდევ ერთი არმადა მიემართება. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის ხომალდებზეა საუბარია, თუმცა ცნობილია, რომ ბოლოს ტრამპმა “არამადად” ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ავიამზიდი, “აბრაამ ლინკოლნი” და მასთან დაკავშირებული საზღვაო ფლოტილია, ასევე წყალქვეშა ნავები მოიხსენია. აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ოფიციალური თეირანი მკაცრად გააფრთხილა და აიათოლას ხელისუფლებას ურჩია, აშშ-სთან შეთანხმების დადებას დათანხმდნენ, “ვიდრე გვიანი არ არის”.

საუბრისას ტრამპმა გასულ ზაფხულს, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია “შუაღამის ურო” გაიხსენა და თქვა, რომ ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს ირანის ხელისუფლებისთვის, თუ რისი გაკეთება შეუძლია შტატებს, როცა საპირისპირო მხარე კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ თანხმდება.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ 9 დღის წინ სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან არაბეთის ზღვისა და, კერძოდ, ომანის ყურისაკენ ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” დაიძრა და ის დანიშნულების ადგილზე ერთი კვირის თავზე ჩავიდა. სწორედ ამის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არაოფიციალურად დაიწყო. როგორც ცნობილია, არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.

სავარაუდოა, რომ დამატებითი არმადის გაგზავნის საჭიროება მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებამ არ განაპირობა. როგორც ცნობილია, აშშ-ის თითქმის ყველა არაბულმა მოკავშირემ, მათ შორის, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კატეგორიული უარი განაცხადეს, შტატებს მათ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების ირანთან ომისთვის გამოყენების უფლება მისცენ. ოფიციალურმა ერ-რიადმა გამორიცხა სამხედრო მოქმედებებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაც. მათი ეს გადაწყვეტილებები კი არამარტო მასშტაბურ რეგიონულ ომში ჩართვისაგან თავის არიდების სურვილით, არამედ იმ შიშითაცაა გამოწვეული, რომ ირანი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება. საუბარია სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელზეც ნავთობის გლობალური მიწოდების 20-25% გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები