აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმება მალე მიიღწევა. პარალელურად, ლიბანსა და ისრაელს შორის 10-დღიანი ზავის ამოქმედების ფონზე, მან თეირანთან დაახლოებულ დაჯგუფება "ჰეზბოლას" ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას გაიმართოს. მისივე თქმით, ორკვირიანი ზავის გახანგრძლივება დასაშვებია, თუმცა რადგან თეირანს შეთანხმება სურს, ეს შესაძლოა აღარც გახდეს საჭირო.
"ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ვფიქრობ, ირანთან შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვართ", – განუცხადა მან თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს. პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუკი შეთანხმება მიიღწევა და მას ხელი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოეწერება, ის შესაძლოა ამ ღონისძიებაზე პირადად გაემგზავროს.
რამდენიმე საათის შემდეგ, ლას-ვეგასში ყოფნისას, ტრამპმა კიდევ უფრო დამაიმედებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ომი "საკმაოდ მალე უნდა დასრულდეს".
28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ ისტორიაში ყველაზე მძიმე სანავთობო ფასების შოკი გამოიწვია. შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკის პროგნოზი გააუარესა და გააფრთხილა მსოფლიო, რომ გახანგრძლივებულმა კონფლიქტმა, შესაძლოა, ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე მიიყვანოს.
აშშ-სა და ირანს შორის შუამავლობაში ჩართულმა პაკისტანურმა წყარომ განაცხადა, რომ კულუარულ დიპლომატიაში პროგრესი შეინიშნება და ორ მხარეს შორის დაგეგმილი შეხვედრა, შესაძლოა, შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს.
წყაროს ცნობით, მხარეები ჯერ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რასაც 60 დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი შეთანხმება მოჰყვება.
შეთანხმების მოლოდინში ნავთობის ფასი ეცემა
პარასკევს, ადრეულ ვაჭრობაში ნავთობის ფასები დაეცა, აზიური აქციები კი ზედიზედ მეორე კვირაა მკვეთრ ზრდას აჩვენებენ. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებული ოპტიმიზმია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე – სადაც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მარაგების მეხუთედი გადის – ფაქტობრივად ჩაკეტილი რჩება.
Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები (04:34 GMT-სთვის) ბარელზე 98.17 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ნედლი ნავთობის ფასი 93.47 დოლარამდე დაეცა, რითაც წინა სესიაზე დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი დაკორექტირდა.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პარასკევს დაახლოებით 40 ქვეყნის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას უხელმძღვანელებენ. შეხვედრის მიზანია, შეერთებულ შტატებს აჩვენოს, რომ მისი უახლოესი მოკავშირეების ნაწილი (რომელთა უმეტესობაც ტრამპმა უმოქმედობისთვის გააკრიტიკა) მზადაა, შესაბამისი პირობების შექმნისთანავე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენაში დაეხმაროს.
ირანმა სრუტე უცხოური გემებისთვის მეტწილად ჩაკეტა, რის საპასუხოდაც ვაშინგტონმა მიმდინარე კვირაში ირანის პორტებში შემავალ ან გამომავალ ხომალდებზე ბლოკადა დააწესა. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოკადამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დღიურად დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ირანული ნედლი ნავთობის მის მთავარ მყიდველამდე, ჩინეთამდე მიღწევას.
ომის დაწყების შემდეგ სრუტეში მხოლოდ ერთეულმა გემებმა გაიარეს, მაშინ როცა კონფლიქტამდე იქ ყოველდღიურად საშუალოდ 130-ზე მეტი ხომალდი გადაადგილდებოდა.




























