ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევის, ასევე სხვა ქალაქების დაბომბვას ერთი კვირით შეწყვეტს.
შტატების ლიდერის განცხადებით, პუტინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას თავად ტრამპი ესაუბრა და პირადად სთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა. ტრამპის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის განცხადებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დადებულ პირობას შეასრულებს. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ მსგავსი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა მხარეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზეც განიხილეს. ოფიციალური კიევი იმედოვნებს, რომ ამ დროში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას შეძლებს.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შეტევებმა კიევში და ქვეყნის სხვა ქალაქებში სერიოზული კრიზისი გამოიწვია. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანვრის დასაწყისიდან დღემდე კიევი 600,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამჟამად, 454 კორპუსი კვლავ გათბობის გარეშეა. ეს იმ ფონზე, როცა ღამით ტემპერატურა -23° გრადუსამდე ეცემა. აღსანიშნავია, რომ რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა რუსეთშიც, სადაც ბოლო 200 წელიწადში ყველაზე მასშტაბური დიდთოვლობა დაფიქსირდა ამან კი დედაქალაქს არაერთი გამოწვევა შეუქმნა.




























