დონალდ ტრამპმა ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, იგივე Air Force One წარადგინა, რითაც ორიდან ერთ-ერთი Boeing 747, რომელიც პრეზიდენტების გადასაყვანად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, ოფიციალურად ჩაანაცვლა.
ახალი ხომალდი, რომელიც წითელ, თეთრ, მუქ ლურჯსა და ოქროსფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ტრამპს კატარმა აჩუქა. ამ ფაქტმა პოლიტიკური პროტესტი გამოიწვია, ვინაიდან 400 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი მნიშვნელოვნად აჭარბებს პრეზიდენტისთვის დაწესებულ, ერთი წყაროდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დაუგეგმავი საჩუქრების ლიმიტს, რომელიც 50 დოლარს შეადგენს.
ტრამპმა უარყო ამ გარიგების კრიტიკა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარის თქმა "სისულელე" იქნებოდა. პენტაგონის პრესმდივანმა, შონ პარნელმა კი აღნიშნა, რომ "თავდაცვის მინისტრმა კატარისგან Boeing 747 ყველა ფედერალური წესისა და რეგულაციის მკაცრი დაცვით მიიღო".
კატარული 747-ის გადაკეთების ღირებულება 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი დანიშნულებაა, "გარდამავალი" თვითმფრინავის როლი შეასრულოს მანამ, სანამ 2027 და 2028 წლებში ორ ახალ საპრეზიდენტო ბოინგს ჩაიბარებენ, რომელთა მიწოდებაც დიდი ხნით შეფერხდა. ამ ორი სპეციალურად აგებული ხომალდის ღირებულება 3.7 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ნაჩუქარი კატარული ლაინერის კრიტიკა, რომლის გაყიდვასაც მანამდე არაბული ქვეყანა უშედეგოდ ცდილობდა, მოიცავდა ბრალდებებს, რომ გადაკეთების ხარჯებმა შესაძლოა თანხები Sentinel-იდან წაიღოს - კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) მოდერნიზაციის პროგრამიდან, რომელიც ისედაც წლებით ჩამორჩება გრაფიკს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი ხომალდი საჭირო იყო იმისთვის, რომ აშშ არ ჩამორჩენოდა უცხო ქვეყნის ლიდერების უფრო თანამედროვე თვითმფრინავებს.
"ამ ქვეყნებს დიდი პატივისცემა აქვთ ჩვენ მიმართ, თუმცა მათ აქვთ ბევრად უფრო ახალი და უკეთესი თვითმფრინავები. ეს ცოტა სასაცილოა", - თქვა ტრამპმა.
საპრეზიდენტო ფლოტის ორი ძველი Boeing 747 ექსპლუატაციაში 1990 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს შევიდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ერთ-ერთი მათგანი ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა ვაშინგტონში დაბრუნებულიყო, როდესაც პრეზიდენტი დავოსში, შვეიცარიაში მიფრინავდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკიპაჟმა "მცირე ელექტრონული ხარვეზი" აღმოაჩინა და მიიღო გადაწყვეტილება, ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნებულიყო.
კატარული თვითმფრინავის მიღება "Air Force One"-ის (საბორტო ნომრით 29000) ექსპლუატაციიდან გაყვანას დაემთხვა. აღნიშნულმა Boeing 747-200-მა ხუთშაბათს პრეზიდენტი ევროპიდან ჩამოიყვანა და საბოლოოდ ის მუზეუმში განთავსდება. თუმცა, მისი მეწყვილე ხომალდი ახალ VC-25B-თან ერთად გააგრძელებს ფრენას ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავების მიღებამდე.




























