აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 25%-იანი ტარიფები კანადასთან და მექსიკასთან ავტოინდუსტრიაზე ერთი თვით გადავადდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ასევე ღიაა მოისმინოს იმ პროდუქტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც ტარიფები არ უნდა გავრცელდეს. ტრამპმა მეზობლებთან და ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან სავაჭრო ომი სინთეტური ნარკოტიკის ფენტანილის და საზღვარზე არალეგალების უკონტროლო შემოსვლის საბაბით დაიწყო. კანადის პრემიერთან ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ტრუდომ ვერ დაარწმუნა, რომ საზღვარზე ეს პრობლემები მოგვარდა.
როგორც Reuters წერს, ტრამპის ტარიფები ავტომწარმოებლებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან წარმოების პროცესში ავტონაწილების ექსპორტ/იმპორტი სამივე ქვეყნის საზღვარზე ხდება. ტარიფები კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად გააძვირებს. როგორც CNN წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი აშშ-ის სამ უმსხვილეს ავტომწარმოებლის Ford-ს; General Motors-ს და Stellantis-ს ხელმძღვანელებს შეხვდა.
ცნობისთვის, 4 მარტს ძალაში შევიდა აშშ-ის ახალი ტარიფები კანადის, მექსიკისა და ჩინეთის პროდუქციის მიმართ. ტრამპის ადმინისტრაციამ კანადას და მექსიკას 25%-იანი ტარიფები დაუწესა, ჩინეთის პროდუქციის იმპორტზე გადასახადები კი 10%-დან 20%-მდე გაიზარდა. კანადამ გამოაცხადა, რომ სარკისებურად 25%-იან გადასახადს უწესებს აშშ-ს და მოუწოდა მას, გადახედოს მის მიერ ახლად დაწესებულ ტარიფებს. კანადამ ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.