დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მილოცვა და თეთრ სახლში მიწვევა მიიღო. როგორც ამერიკული მედია წერს, ჯო ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვებული ტრამპი თეთრ სახლში პოსტის გადაბარების საკითხების განსახილველად მიიწვია. ჯერჯერობით უცნობია დრო და თარიღი, როცა პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, თუმცა, როგორც ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა აღნიშნა, „[შეხვედრა] მალე შედგება“.
ჩუნგის თქმითვე, ტრამპი ძალიან „აფასებს ბაიდენის მილოცვას“.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 295 ხმა მიიღო. მისმა ოპონენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა კი - 226.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ტრადიციულად ღონისძიება ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში შედგება.