დონალდ ტრამპმა ინდოეთს ტარიფები გაუორმაგა და აქამდე არსებულ 25%-იანი ნიშნული 50%-მდე გაზარდა. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაკავშირებული უნდა იყოს ოფიციალური დელის მიერ რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტაზე გამოცხადებულ მკაფიო უართან.
როგორც ცნობილია, ინდოეთის ხელისუფლებამ ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნავთობის იმპორტზე უარს არ იტყოდა.
დონალდ ტრამპმა ინდოეთი ცუდ სავაჭრო პარტნიორად მოიხსენია და მოდის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ ინდოეთი უკან არ დაიხევს, 24 საათში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ოფიციალური დელი უკვე გამოეხმაურა ტრამპის მიერ ტარიფების 50%-მდე გაზრდას და პრეზიდენტის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. მოდის გუნდში ამერიკის პოზიცია გაუმართლებლად შეაფასეს და კიდევ ერთხელ გაუმეორეს ტრამპს, რომ რუსული ნავთობის იმპორტს დასავლური სახელმწიფოებიც აგრძელებენ.
დონალდ ტრამპის მიერ გაზრდილი ტარიფები $64 მილიარდის ინდურ საექსპორტო პროდუქციას უქმნის საფრთხეს. ეს კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უნდრის. ტარიფები ძირითადად ფარმაცევტულ პროდუქტებს, ტექსტილსა და ნავთობ-ქიმიკატებს ეხება.




























