აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი გადაწყვეტილებების ფარგლებში შეიწყალა 1600-მდე ადამიანი, რომლებიც გაასამართლეს ან ბრალი წაუყენეს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმთან დაკავშირებით.
ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალებს, შეწყვიტოს ყველა საქმე 4 წლის წინანდელ არეულობაში ბრალდებულთა წინააღმდეგ.
„ეს ხალხი განადგურდა. ის, რაც მათ გაუკეთეს, აღმაშფოთებელია. მსგავსი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იშვიათად ყოფილა", - განაცხადა ტრამპმა შეწყალების გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
პროკლამაციაში ნათქვამია, რომ ეს "ამთავრებს უმძიმეს ეროვნულ უსამართლობას, რომელიც ჩადენილია ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და იწყება ეროვნული შერიგების პროცესი".
იუსტიციის დეპარტამენტის თვის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემებით, ბუნტთან დაკავშირებულ დანაშაულებში ბრალი დაახლოებით 1 583 ადამიანს წაუყენეს. აქედან 600-ზე მეტს წაუყენეს ბრალი ძალადობაში, წინააღმდეგობის გაწევაში ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლაში, მათ შორის დაახლოებით 175-ს ედება ბრალი სასიკვდილო ან საშიში იარაღის გამოყენებაში ან ოფიცრისთვის სერიოზული დაზიანების მიყენებაში.
შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
შეწყალების გარდა, ტრამპის მიერ ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი გადაწყვეტილებების ჩამონათვალი ასეთია:
- „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ შექმნა, რომელიც არ არის ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი;
- „ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიისგან“ და „ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა ფედერალურ მთავრობაში“;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დაწყება;
- "ეროვნული საგანგებო მდგომარეობის" გამოცხადება აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე;
- ქმედება, რომელიც ტრამპმა თქვა, დროებით ხელს შეუშლის TikTok-ის აკრძალვის ძალაში შესვლას;
- ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა არჩევნებში ჩარევისთვის.




























