აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის ამირასთან რამდენიმე, ჯამურად $243.5 მილიარდის ღირებულების და უფრო ფართო, $1.2 ტრილიონად შეფასებული "ეკონომიკური გაცვლის" შეთანხმება გააფორმა.
თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება რამდენიმე სექტორს, მათ შორის ავიაციას, ენერგეტიკასა და კვანტურ ტექნოლოგიებს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია Boeing-სა და Qatar Airways-ს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ამერიკული Boeing-ი თავის ყველაზე დიდ შეკვეთას მიიღებს და კატარის ავიახაზებს $96 მილიარდად შეფასებულ 210 ამერიკულ თვითმფრინავებს, Boeing 787 Dreamliner-სა და 777X-ს მიაწვდის. აღნიშნული თვითმფრინავების წარმოების პროცესი კი აშშ-ში 1 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს.
"დღეს გაფორმებული ფლაგმანური შეთანხმებები წაახალისებს ინოვაციასა და კეთილდღეობას ათწლეულების განმავლობაში, ხელს შეუწყობს ამერიკულ წარმოებასა და ტექნოლოგიურ ლიდერობას და შეერთებულ შტატებს ახალი ოქროს ხანის გზაზე დააყენებს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კატარი $1 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს კვანტური ტექნოლოგიებისა და სამუშაო ძალის განვითარებაშიც.
"დღევანდელი შეთანხმებები ხაზს უსვამს პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, დააჩქაროს კატარის თავდაცვის ინვესტიციები აშშ-კატარის უსაფრთხოების პარტნიორობაში - აშშ-ის ინდუსტრიული ბაზის სასარგებლოდ. დღეს მიღწეული თავდაცვის შეთანხმებები ადასტურებს კატარის მიერ ორი წამყვანი ამერიკული თავდაცვის კომპანიისგან უახლესი სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას", - წერს თეთრი სახლი.
თავდაცვის ერთ-ერთი კომპანია Raytheon-ია, რომელმაც კატართან $1 მილიარდად შეფასებული შეთანხმება გააფორმა დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე. შესაბამისად, კატარი Raytheon-ის Fixed Site-ის სისტემის პირველი საერთაშორისო შემსყიდველია.
თავდაცვის მეორე კომპანია კი General Atomics-ია, კატართან $2-მილიარდიანი შეთანხმებით ქვეყანა MQ-9B ტიპის დისტანციურად მართვად საფრენ აპარატებს შეისყიდის.
თეთრმა სახლმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებებისა და გამოყენებული ინსტრუმენტების მიზანია, აშშ-კატარის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები გააღრმაოს, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი და გახსნას ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები ორივე ქვეყნისთვის.




























