პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ სადილზე მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებსა და მილიარდერებს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან: Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილი გეიტსი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი, Google-ის CEO სუნდარ პიჩაი და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი - სატია ნადელა. ტრამპმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათ ინტელექტსა და გავლენას. ასევე, მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სტუმრები ამერიკის ეკონომიკათვის უდიდეს საქმეს აკეთებენ და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა.
ამ შეხვედრის ფარგლებში, Apple-მა და Meta-მ დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციების შესახებ განაცხადეს, Google-მა 250 მილიარდის ოდენობის კაპიტალდაბანდება დააანონსა, ხოლო Microsoft-მა აღნიშნა, რომ აშშ-ში მათი წლიური ინვესტიციები 75–80 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის არ იყო ილონ მასკი, რომელმაც მიუხედავად მიწვევისა, ღონისძიების დასწრებაზე უარი თქვა. ტრამპმა ამის გამო კომენტარიც გააკეთა და მასკი „80%-ით სუპერ გენიოსად“ მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ მას გარკვეული „პრობლემები“ აქვს.
მასკის არყოფნა მედიისა და საზოგადოებრივი დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა, ხოლო თავად ღონისძიებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, Tesla-ს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ის პრეზიდენტ ტრამპის ხედვებს აღარ იზიარებს და მის მიერ ორგანიზებულ ინიციატივებში მონაწილეობას არ მიიღებს.




























